“მოვედი, რადგან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, ბოკერია, რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი”

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა.
მან კონფერენციის მონაწილეთა ნაწილი მისდამი უპატივცემულობის გამოჩენაში დაადანაშაულა.
“დღეს გამოიჩინეს უპატივცემულობა დამსწრე საზოგადოების ნაწილმა და პირველ რიგში ორგანიზატორებმა საქართველოს კონსტიტუციისადმი, არ სცეს პატივი პარლამენტის წევრს, რომელიც მოვიდა, რომ დასწრებოდა კონფერენციას. მე მგონი საშიში არაფერია და პოლიტიკური დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როდესაც გუშინ საუბრობდი ჩემზე და საუბრობდა ბატონი ბოკერია სამი საათის განმავლობაში და უამრავი დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დამახინჯებული ციტატები ჩვენი გამოსვლებიდან, მეც უფლება მაქვს მოვიდე, მივიღო მონაწილეობა კონფერენციაში და ასევე მოვითხოვო რამდენიმეწუთიანი მოხსენების გაკეთება. მე გაცილებით ადრე მივედი, ვიდრე ე.წ რუსული პანელი დაიწყებოდა, თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ამ პანელის ფორმატში გავაკეთო ჩემი კომენტარი. რა მნიშველობა აქვს რუსული პანელის დროს მოვედი, რუსულ პანელზე გამოდიან ამერიკელები. მე მოვედი, რადგან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, პოლიტიკოსი გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ აქ საუბრობდა „პატრიოტთა ალიანსზე“ და ჩვენ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილ დირექტორს და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ კრამერს დაუპირისპირდა. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, ინაშვილი უხეშობდა და შლიდა კონფერენციას. ინაშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. ირმა ინაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით მაინც გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები