„პრემიერის ფონდი აფინანსებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ ხომ არ ვიფიქროთ მათი დაბრუნების შემთხვევაში, დასაქმების კვოტების შემოღებაზე საჯარო უწყებებში”
ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პრემიერის ფონდით დაფინანსებული, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა.
„პრემიერის ფონდი აფინანსებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ ხომ არ ვიფიქროთ მათი დაბრუნების შემთხვევაში, დასაქმების კვოტების შემოღებაზე საჯარო უწყებებში, იმისთვის, რომ ის რესურსი, რომელსაც ჩვენ ჩავდებთ მათი განათლებისთვის, საბოლოო ჯამში, მათივე რეალიზებას მოხმარდეს ჩვენს ქვეყანაში, მოხმარდეს მათივე დასაქმებას, ქვეყნის სასარგებლოდ. მინდა გკითხოთ, რას აპირებთ და რას გეგმავთ ახალგაზრდებთან მიმართებაში”, – მიმართა ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური თუ სხვა პროგრამები ახალგაზრდებზე მოქმედებს დღეს, ისევე, როგორც იმოქმედებს ხვალ. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა მათთან კომუნიკაცია.
„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არავინ, თქვენ ამას ყველაზე კარგად აღიქვამთ. თქვენსავე დაქვემდებარებაში არის ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებთან მუდმივ კომუნიკაციაზე ყოფნით გეგმავს მნიშვნელოვან პროექტებს და კონკრეტულ გეგმებს, მათი განვითარებისთვის და საბოლოო ჯამში, მათი რეალიზებისთვის. სწორედ ამ გეგმებზე მინდა ისაუბროთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.