თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ქართველ მშვიდობისმყოფელებს ტელეკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მათ ავღანეთის, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მისია და და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ლევან იზორიამ განსაკუთრებული პატივისცემა საერთაშორისო მისიების ფარგლებში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ გამოხატა.
დღესვე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
ცნობისათვის, 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები