პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს, თამარ საძაგლიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა
რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. როგორც მან განმარტა, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მივიდა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.
წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.