სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი: ის თავს დამნაშავედ არ ცნობს

გორში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგენილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც მას ბრალად ედება. კერძოდ კი, ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა, იმ კადრებით, რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან რამე ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილას ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები