შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი გუგუტიანთკარში ჩავიდა

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილი​ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ის სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

როგორც ხოჯევანიშვილმა “კვირას” განუცხადა, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად არინ ჩართულნი, რათა დროულად შეჩერდეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. მისივე თქმით, დღეს დილით საოკუპაციო ძალების მიერ განახლებული უკანონო სამუშაოების შედეგად დამატებითი მიწის ნაკვეთები და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოქცეულა.

“სამწუხაროდ, ოკუპაციის პროცესი გრძელდება. საქართველოს მხრიდან ყველა ღონისძიება და ყველა გონივრული ნაბიჯები იდგმება, რომ მოხდეს უკანონო ბორდერიზაციის შეჩერება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერების იმედი გვაქვს”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. ხოჯევანიშვილის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ისინი მიმდინარე პროცესების შესახებ სრულად ინფორმირებულები იყვნენ.

“მოსახლეობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის – რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები