“რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპლომატიური კორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში”

“რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპლომატიური კორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გუგუტიანთკარში მიმიდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობა გრძელდება.
“მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.
7აგვისტოსვე გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი; გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან;
8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის;
იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.
გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.
ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან; აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან;რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება. საერთაშორისო პარტნიორები განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობასა და შესაბამის რეაგირებას; კერძოდ, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები