სოხუმში, გუმსკაიას ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა – საცხოვრებელ სახლებს საფრთხე ემუქრება
სოხუმში, გუმსკაიას ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესი გამოიწვია ადგილობრივი მეწარმის – გიორგი ჯოპუას ქმედებამ, რომელმაც ტერიტორიაზე ავტოსამრეცხაოს აშენება გადაწყვიტა და გრუნტის ამოღება დაიწყო.
თუმცა, აღნიშნულმა სამუშაოებმა საფრთხე სახლებს შეუქმნა. მრავალსართულიანი სახლიდან ხალხი სასტუმროში გადაიყვანეს.
მეწყრულ ზონაში სულ 20 ოჯახი ცხოვრობს.
ადგილობრივი ე.წ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
როგორც მედიას ე.წ. ადმინისტრაციაში განუცხადეს, იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, შეშინებული მოსახლეობისგან შეიტყვეს.
ამასთან, სინოპტიკოსების ვარაუდით, ორ დღეში სოხუმში წვიმაა მოსალოდნელი, რაც შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.