„საქართველოდან კონტრაბანდა შემოდის, ჩვენ ავიტანთ, მაგრამ რუსეთი ვერ გაიგებს“ – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ენგურზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობაზე საუბრობს

“ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ენგურის ხიდიდან ე.წ. რესპუბლიკაში კონტრაბანდა შედის, რის გამოც საჭიროა ე.წ. საზღვარზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობა”, – ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიწინიას ე.წ. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, კვიწინიას თითქმის ყველა შეხვედრაზე მოსახლეობა ეკითხება, როდის მოხდება ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადატანის გამარტივება.
ეშბა განმარტავს, რომ რუსულ მხარეს უმარავი შეკითხვა აქვს.
„ვერ შევძელით საქართველო-აფხაზეთის საზღვრის სამუდამოდ დაკეტვა. კონტრაბანდა შემოდის, ამის შემდეგ ეს ტვირთი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ხვდება. ჩვენს ქვეყანაში შეგვიძლია ამის ატანა, ეს ჩვენი საქმეა, შეიძლება, ასეთი განწყობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მეზობელი რუსეთი ამას ვერასდროს ვერ გაიგებს“, – განაცხადა ეშბამ.
მისი თქმით, რუსეთთან ხელმოწერილია უამრავი შეთანხმება, მათ შორის – ვაჭრობის რეჟიმზე.
„რაც შეეხება რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს – 2014 წლის შეთანხმებაში აღნიშნულია გადაადგილების გამარტივების შესახებ, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ და რუსეთს ვალდებულებებზე ველაპარაკოთ, აფხაზეთი- საქართველოს საზღვრის საკითხი უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა ეშბამ.
მისი თქმით, „საქართველოდან ტვირთის გადაადგილება სერიოზული პრობლემაა“.
„ენგურზე სრულფასოვანი საბაჟო პუნქტი გვჭირდება. სახელმწიფო ვართ და ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს საკითხი ხშირად პოლიტიზირებულია. არიან მთავრობაშიც და ხალხში ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ „საქართველოსთან რაიმე სახის სავაჭრო ურთიერთობის წარმოებას ვგეგმავთ?“. საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საბაჟო პუნქტი – ეს სახელმწიფო საზღვრის დემონსტრირებაა. საჭიროა ტვირთბრუნვის კონტროლზე აყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ თავისუფლად ვესაუბროთ რუს პარტნიორებს“, – აღნიშნა ბესლან ეშბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები