“ბორდერიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს და მოსახლეობას დავეხმაროთ, ამისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში”

“ე.წ.  უკანონო ბორდერიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს და მოსახლეობას დავეხმაროთ. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში”, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც  გუგუტიანთკარში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არ ჩასულან.
მინისტრი აღნიშნულს “სიცრუეს” უწოდებს.
„ყველა მოქმედებას აქვს მიზანი. მიზანი არის ის, რომ ეს ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს და მოსახლეობას დავეხმაროთ. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რაც შეეეხება 7 აგვისტოს ეპიზოდს – სახელმწიფო სტრუქტურამ მყისიერად აამოქმედა ყველა არსებული მექანიზმი. 7 აგვისტოსვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, რათა პროცესი შეჩერებულიყო. ეს პროცესი არის შეჩერებული. ყველამ ვიცით, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ამ ფონზე ამ თემით მანიპულირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია. ეს არის დამაზიანებელი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ამ პროცესის გამწვავება და ნებსით თუ უნებლიეთ ამას უწყობს ხელს. მინდა, მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხებს, რადგან ამ ყველაფრის უკან არიან ადამიანები, რომლებსაც ეს პირდაპირ ეხებათ, ამ ყველაფრის უკან არის ჩვენი ქვეყანა. არც ეს ადამიანები და არც ეს ქვეყანა არ არის სათამაშო“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები