ირაკლი სესიაშვილი: „მტკიცე სული”-ის წვრთნა ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები, ნატო, ნატოს პარტნიორი ქვეყნები ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს

0

„ამ წვრთნას აქვს სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები, ნატო, ნატოს პარტნიორი ქვეყნები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში და ამასთანავე ამას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი სამხედროები, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად იმაღლებენ პროფესიონალიზმს და აძლიერებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაში სჭირდებათ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული”-ს დახურვის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019, რომელსაც საქართველო წელს მეცხრედ მასპინძლობს, საჩვენებელი წვრთნებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა.

საჩვენებლი წვრთნის შემდეგ Agile Spirit 2019-ში მონაწილე პირად შემადგენლობას მრავალეროვნული წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა. მოგვიანებით კი, სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

მრავალეროვნული სწავლება „Agie Spirit 2019″ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის და აშშ-ის ევროპის სარდლობებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების სცენარი სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს ითვალისწინებდა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება იყო.​

კომენტარები

კომენტარი