მარია ზახაროვა: “სამხრეთ ოსეთისა” და საქართველოს საზღვართან ბარიერების აღმართვაში რუსი მესაზღვრეები არ მონაწილეობენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვარზე რუსი სამხედროები მოწყობით სამუშაოებში არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსი მესაზღვრეები, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკის ტერიტორიის შიგნით იმყოფებიან და ორი ქვეყნის საზღვართან არავითარ სამუშაოებს აწარმოებენ. საზღვრის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები გეგმურად სრულდება “სამხრეთ ოსური” მხარის მიერ და მიმართულია ორი სახელმწიფოს მოსახლეობისთვის უკონფლიქტო და უსაფრთხო პირობების შესაქმნელად.
ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, არაფერში არიან დამნაშავეები და იმსახურებენ იმას, რომ მათი ცხოვრების პირობები იყოს პროგნოზირებადი და გასაგები. საზღვრის მონიშვნა კი სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, დასავლური მედია, ასევე, ქართველი პოლიტიკოსები, მომხდარის “ბორდერიზაციად” წარმოჩენას ცდილობენ.
„კვლავ იქმნება ხელოვნური აურზაური დარღვევებზე, რომლებსაც, თითქოს, ჰქონდა ადგილი “სამხრეთ ოსეთისა” და საქართველოს საზღვარზე. ვრცელდება მითი იმის შესახებ, რომ რუსები და ოსები საზღვრის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადაწევით არიან დაკავებულნი და, თითქოს, რუსეთი აგრძელებს თავის ხანგრძლივ სამხედრო-დიპლომატიურ კამპანიას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დანაწევრებისა და მისი ტერიტორიის მიტაცებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.