ნიკა გვარამიას პროკურატურა მილიონობით ლარის მითვისებას ედავება – საქმის დეტალები

კონტრაქტორი კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის ბრალდებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ ყოფილი დირექტორი – ნიკა გვარამია დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.
როგორც ცოტა ხნის წინ უწყებაში გამართულ ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, გვარამიასთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 20 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.
„ნიკა გვარამიას ბრალი სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ედება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-მა“ ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რის გამოც საწარმოს დიდი ფინანსური ზიანი მიადგა.
ნიკა გვარამიას მიერ შესაძლო ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან – ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორად.
საწარმოს წესდების თანახმად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“ მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია, კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს კომპანიისა და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება;
ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი კომპანიის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად და უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის.
მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები – ზ.გ. და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი – ზ.ი.
ხელშეკრულების თანახმად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ „ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2-ის”, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ,,ინტერ მედია პლუსის“ მიერ, ფაქტობრივად, მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.
ნიკა გვარამია მოქმედებდა რა შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის – შ.პ.ს. ,,ინტერ მედია პლუსისათვის“ გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისთვის ანაზღაურების შესახებ შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ზე“ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის.
შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი.

ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ,,რუსთავი 2-ზე“ რეკლამის განსათავსებლად „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.
ამ ეტაპზე, დადგენილია, რომ, კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა “რუსთავი 2-ის” იურისტი – დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.

2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა “რუსთავის 2-ის” იმდროინდელ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – ჯამურად, 602 521 ლარად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიება, ასევე, აქტიურად სწავლობს „ინტერ მედია პლიუსისა“ და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის“ სხვა კონტრაქტორი კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები