სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვა განაახლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი გაახლეს.
ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.
„ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება.
საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებასა და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.
საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და, ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობასა და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.