პაატა ზაქარეიშვილი: პუტინის პირველი მოთხოვნა ხაჯიმბას მიმართ იქნებოდა, რომ არავითარ შემთხვევაში დაუშვან არეულობა
პუტინის პირველი მოთხოვნა ხაჯიმბას მიმართ იქნებოდა, რომ არავითარ შემთხვევაში დაუშვან არეულობა, – ასე აფასებს პუტინისა და ხაჯიმბას დღევანდელ შეხვედრას, კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი “კვირასთან”.
კონფლიქტოლოგი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც ეხმიანება, რომელშიც კენჭს ე.წ. მეორე ვადით რაულ ხაჯიმბაც იყრის და პროგნოზირებს, რომ ხაჯიმბა მეორე ვადით ისევ პრეზიდენტი გახდება.
როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, პუტინისა და ხაჯიმბას დღევანდელი შეხვედრა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.
“ეს შეხვედრა, ბუნებრივია, პირდაპირ უკავშირდება სოხუმის საპრეზიდენტო არჩევნებს. პუტინი დაინტერესებულია, აფხაზეთში არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს, დაძაბულობა არ იყოს. ამით რუსეთის იმიჯი ილახება. მათი ლეგენდაა, რომ სიმშვიდეს ინარჩუნებენ აფხაზეთში. ბუნებრივია, პირველი მოთხოვნა ხაჯიმბას მიმართ იქნებოდა, რომ არავითარ შემთხვევაში დაუშვან არეულობა”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილი სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ “დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოსალოდნელია, დაიწყოს შიდა ფრენები, თუმცა ეს საერთაშორისო ხასიათს ვერ მიიღებს”.
“ფრენები საერთაშორისო ვერ იქნება, თუმცა ეს იქნება შიდა, რადგან ტერიტორია, საერთაშორისო სამართლით, საქართველოსია. იკაო-ს სტანდარტებით ეს ვერ იქნება საერთაშორისო, რუსეთთან იქნება მხოლოდ და შესაბამისად, აფხაზეთი ხდება უფრო მეტად ანექსირებული და ჩართული შიდარუსულ კონფლიქტში”, – აცხადებს ყოფილი მინისტრი “კვირასთან” საუბრისას.
ზაქარეიშვილის ეჭვქვეშ აყენებს შესაძლო ფრენების ეკონომიკურ მხარეს, თუ რამდენად ხშირი და შემოსავლიანი შეიძლება, იყოს ეს. ის აეროპორტის შესაძლო, დამატებით სამხედრო დატვირთვის გამოყენებაზე საუბრობს.
“მე ვხედავ, რუსეთი ცდილობს, “ბაბუშერას” აეროპორტი გამოიყენოს, როგორც სამხედრო დამატებითი, სათადარიგო აეროპორტი “ბომბორას” აეროპორტისა. ეს უფრო რეალურია, მით უმეტეს, შავი ზღვის აკვატორიის მიმართ ნატო-ს ინტერესის გაზრდას თუ გავითვალისწინებთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
დღეს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინს შეხვედრაა დაგეგმილი.