რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტის საკითხს განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელების საკითხს განიხილავს.
ხაჯიმბას და პუტინის შეხვედრა დღეს სოჭში გაიმართება.
„განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს, ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, აეროპორტის საკითხს. ამჟამად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით ვართ დაკავებული – სპონსორის მოზიდვით, რომელიც უარს არ ამბობს”, – განუცხადა ხაჯიმბამ აფხაზურ ტელეკომპანიას.
26 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ დე ფაქტო მთავრობა დაბა ბაბუშერაში მდებარე აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელებას გეგმავს.
დე ფაქტო მთავრობამ დადგენილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოხდეს ე.წ. რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მომზადება.
გეგმის თანახმად, სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება, საიდანაც რეგულარული „საერთაშორისო საჰაერო“ გადაზიდვები და ფრენები განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სოხუმს ფრენების განხორციელებისთვის სპეციალური კოდი სჭირდება, რომელიც მას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO-მ 1993 წელს მოუხსნა, რადგან საქართველოს ერთიანობას ცნობს. ICAO-ს კოდის აღდგენისთვის კი სოხუმს ორგანიზაციაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შუამდგომლობა დასჭირდება.
თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო მთავრობას როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეში მიბმა და მათი URAS-ის ოთხასოანი კოდის მიღება სურს, თუმცა რუსეთს ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.