რაულ ხაჯიმბა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა დღეს სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და რუსეთ-აფხაზეთის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს 8 აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა იმავე წლის სექტემბერში საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.
პირველი ე.წ. ოფიციალური შეხვედრა ხაჯიმბასა და პუტინს შორის ნოვო ოგარიოვოში 2014 წლის 27 აგვისტოს შედგა; გარდა ამისა, იმავე წლის 24 ნოემბერს.
მომდევნო შეხვედრები 2015 წლის 15 მაისს მოსკოვში, 2016 წლის 18 თებერვალსა და იმავე წლის 1-ელ დეკემბერს ასევე მოსკოვში გაიმართა.
2017 წლის 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი პიცუნდაშიც ჩავიდა.
2018 წლის 14 ივლისს ხაჯიმბა მოსკოვში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვას დაესწრო. იმავე წლის 24 აგვისტოს პუტინი, რაულ ხაჯიმბა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი შეხვდნენ. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, პუტინი ხაჯიმბას ორმხრივ ფორმატშიც შეხვდა.
2018 წლის 21 ნოემბერს სოჭში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის მსვლელობისას განიხილებოდა მიმდინარე მდგომარეობა და ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.
რუსეთი 74,5%-ით ე.წ. რესპუბლიკის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
გარდა ამისა, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. სოხუმის ბიუჯეტის 50% რუსული ფულით ივსება.
2016 წლის 22 ნოემბერს პუტინმა „აფხაზეთისა და რუსეთის გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების შეთანხმების” რატიფიცირება მოახდინა.