გალში, ოკუპირებული რეგიონების აბიტურიენტებთან დაკავშირებით ბატიაშვილის გადაწყვეტილებაში საფრთხე დაინახეს
ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ „საქართველო უხეშ ძალას არ იყენებს, მაგრამ ის საინფორმაციო ველზე იბრძვის“, მათ შორის – აბიტურიენტებისთვის.
მისივე თქმით, “თბილისის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგაც მომდინარე საფრთხე არ შემცირებულა”.
„ბოლო დროს, საქართველოს მთავრობა ღია უხეშ ძალას ერიდება, მაგრამ საინფორმაციო ველში აქტიურად იბრძვის – იბრძვის ინტელექტუალური რესურსისთვის, აბიტურიენტებისთვის. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა გაცილებთ რბილია, რეალურად კი საფრთხეები, რომლებიც საქართველოს მხრიდან მომდინარეობს, არანაკლებია, ვიდრე ეს სააკაშვილის დროს იყოს“, – აღნიშნა ნადარაიამ.
მისი თქმით, ივნისის ბოლოს აფხაზეთმა ენგურზე გადაადგილება შეზღუდა, რაც ახლაც მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აბიტურიენტებმა გადასვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ასეთი აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.
როგორც მინისტრმა მაშინ განმარტა, სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლების 240 კრედიტიდან, მინიმუმ, 60 კრედიტი დააგროვონ.