“ფრეგოს” ადვოკატი “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პაატა სალიასთან შეხვედრას ითხოვს

“ფრეგოს” ადვოკატი, ნანი ფრიდონაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პაატა სალიასთან შეხვედრას ითხოვს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 03 აგვისტოს  შპს „ფრეგო“-სთან დაკავშირებული პირების – გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილის თაობაზე, როგორც მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, საინფორმაციო სააგენტოებს ჩემი განცხადების გავრცელების თხოვნით მივმართე. განცხადებაში აღვნიშნე, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო საშუალებებითა და სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის მიმართ, საგამოძიებო უწყების მხრიდან, ხორციელდებოდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, სრული აბსურდი და სიცრუეა. ავღნიშნე ისიც, რომ არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების და არც მათი ოჯახის წევრების მიმართ  რაიმე სახის შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის თაობაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტთანაც დეტალურად ვისაუბრე, თუმცა ჩემ  მიერ გაკეთებული განცხადების სწორედ ის ნაწილი, სადაც შანტაჟისა და ზეწოლის აბსურდულობაზე ვსაუბრობდი, „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემაში „კურიერი“ არ გავიდა. სიუჟეტში  ჩემი ინტერვიუს მხოლოდ ის ნაწილი გაუშვეს, რომელიც მათივე ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციასთან  წინააღმდეგობაში არ მოდიოდა.

სააგენტოებით გავრცელებულ განცხადებაში აღვნიშნე ისიც, რომ „რუსთავი2-ის“ მხრიდან რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენა მოხდა, რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის, აბსოლუტურად მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო არაერთმა სააგენტომ, ჩემი, როგორც შპს „ფრეგოს” წარმომადგენლების ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტება სრულად და უცვლელად გაავრცელა, სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ აგრძელებს, შპს „ფრეგოსა” და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებას. ასევე, კვლავ ცდილობს, რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, განცხადებით მივმართო და მოვითხოვო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორთან, ბატონ პაატა სალიასთან შეხვედრა.

ბატონი პაატასგან  საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით  არაერთხელ მოვისმინეთ, რომ იგი, როგორც ტელეკომპანიის დირექტორი, ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკაში არ ჩაერევა, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფალების შესახებ კანონიდან გამომდინარე, მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ბოლო დღეებში, რასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიის „ფრეგოს” მიმართ, მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებს და მაყურებელი განზრახ შეცდომაში შეჰყავს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ზღვარს სცდება.
სწორედ  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  ვითხოვ ტელეკომაპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორთან, ბატონ პაატა სალიასთან 5 აგვისტოს შეხვედრას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები