რუსეთის დუმაში მხარს უჭერენ სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებას, „საქართველოს მიერ ოსების გენოციდის“ საკითხი ყურადღებით შესწავლას საჭიროებს. შესაბამისი თხოვნით, დუმას ე.წ. პარლამენტმა მიმართა. ამის შესახებ რუსეთის დუმის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც დუმის დსთ–ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, „საჭიროა არგუმენტების, ისტორიული ასპექტის შესწავლა, ეს ანალიზს მოითხოვს. როდესაც მსგავსი ანალიზი გაკეთდება, დუმა საქართველოს მიერ ოსების გენოციდის საკითხზე მსჯელობას დაიწყებს. ასეთი ფაქტის აღიარება სწრაფად არასდროს მომხდარა, მაგალითად, სომხების გენოციდის აღიარება 100 წელია მიმდინარეობს“,– განაცხადა კალაშნიკოვმა.
რუსეთის დუმას შესაბამისი თხოვნით ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა 1–ელ აგვისტოს მიმართა. მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ „1920 წლის 12 ივნისს ქართულმა არმიამ, პოლკოვნიკ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. საქართველოს ჯარმა ცხინვალიდან დაწყებული სოფელ რუკამდე ხალხი დახოცა, არ ინდობდა არც ბავშვებს, არც ქალებს, არც მოხუცებს“.
1920 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენოციდის“ თემა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაააქტიურა. 9 ივლისს მან განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, „საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
მისივე თქმით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.