ცხინვალის მიმართვას „ქართველების მიერ გენოციდის“ ოფიციალურად აღიარების შესახებ დუმის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ
რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განკარგულება გასცა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის მიმართვის განხილვა „საქართველოს მხრიდან გენოციდის“ ოფიცილურად აღიარების შესახებ დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე მოხდეს.
ამის შესახებ ვოლოდინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.
ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმისადმი მიმართვა მოამზადა, სადაც მოსკოვს სთხოვს, 1920 წელს „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდი“ ოფიციალურად აღიაროს.
მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ „1920 წლის 12 ივნისს ქართულმა არმიამ პოლკოვნიკ ჩხეიძის ხელმძღვანელობით სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო.
საქართველოს ჯარმა ცხინვალიდან დაწყებული სოფელ რუკამდე ხალხი დახოცა, არ ინდობდა არც ბავშვებს, არც ქალებს, არც მოხუცებს“.
მიმართვის ტექსტი გადაეგზავნება რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობას, სახელმწიფო დუმასა და ფედერალურ საბჭოს.
16 ივლისს შესაბამისი მოწოდებით, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრებს ცხინვალელმა კომუნისტებმა მიმართეს.
1920 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენოციდის“ თემის გააქტიურება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოახდინა.
9 ივლისს მან განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
მისივე თქმით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.