დე ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტისთვის როსტოვის URAS კოდის მინიჭებას შეეცდება

ოკუპირებული აფხაზეთის, სოხუმის აეროპორტს URAS-ის ოთხასოანი კოდი მიენიჭება. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის ე.წ. სხდომაზე განაცხადეს.
ე.წ. სხდომაზე აღინიშნა, რომ URAS იშიფრება შემდეგნაირად: ასობგერა U- ენიჭება დსთ-ს სივრცეში შემავალ ყველა ქვეყანას; R-როსტოვის საჰაერო ზონა, სადაც საჰაერო სამმართველოს ცენტრი მდებარეობს; A- აფხაზეთი; S – სოხუმი.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა, ზაურ ეშბამ განაცხადა, როსტოვის ოლქში მიბმა „ჩვენს სუვერენიტეტზე არ აისახება. რადგან მათი მომსახურებით ყველა ევროპული სახელმწიფო სარგებლობს“.
მისივე თქმით, 27 წლის განმავლობაში არაერთი სპეციალისტია დაკარგული, თუმცა არსებობენ საშუალო რგოლის სპეციალისტები და უკვე შეიძლება შესაბამისი კადრების შერჩევა.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, „აეროპორტის გახსნა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობას განამტკიცებს, ასევე, ტურნაკადს გაზრდის და ინვესტორებს მოიზიდავს“.
რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO -ს მიერ ბაბუშერის აეროპორტისთვის მინიჭებულ კოდს – ორგანიზაციამ ის 1993 წლიდან მოხსნა, რადგან სცნობს საქართველოს ერთიანობას.
იკაო-ს კოდის აღდგენისთვის კი სოხუმს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციაში შუამდგომლობა დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები