სოხუმის აეროპორტი ერთობლივი ბაზირების სტატუსს მიიღებს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს, დაბა ბაბუშერაში მდებარე ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტმა ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიიღო.
აეროპორტი იქნება გამოყენებული როგორც სამოქალაქო, ისე – სახელმწიფო ხომალდების განთავსებისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო კოდექსის შესაბამისად.
როგორც პროექტის ავტორმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სამმართველოს თავმჯდომარე ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, აეროპორტი გახსნის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში 3-დან-5 ათასამდე მგზავრის მიღებას შეძლეს. ასევე, აეროპორტი გამოყენებული იქნება საავიაციო გადაზიდვებისთვის.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია რუსი ინვესტორების მიერ 2018 წელს დაიწყო.
სოხუმის აეროპორტი 1960 წელს აშენდა, საიდანაც 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის ქალაქებში ავიარეისები სრულდებოდა. მაშინ აეროპორტი ზაფხულის სეზონზე დღეში 5 ათას მგზავრს, ხოლო ზამთარში ათას მგზავრს ღებულობდა.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ICAO-მ სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა და დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო. აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვის დახურულია.
IATA-ს საერთაშორისო კავშირის წევრი ავიაკომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენებს არ ახორციელებენ. სანქციების არიდების მიზნით, არც რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები დაფრინავენ.
2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს აეროპორტში, პირველად უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები დაეშვნენ, რომელთა ბორტზე სამხედრო ტექნიკა იყო.
2008 წლის 14 სექტემბერს აეროპორტში, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის თვითმფრინავიც დაეშვა.
2011 წლის ივლისში დე ფაქტო მთავრობამ რუსულ ავიაკომპანიასთან „ნოვაპორტთან“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აეროპორტის რეკონსტრუქციის ვალდებულებას იღებდა.
2014 წლის ნოემბერში შეთანხმება გაფორმდა დე ფაქტო მთავრობასა და რუსულ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტს“ შორის. კომპანია აეროპორტის კომპლექსის მშენებლობის ვალდებულება აიღო.
ამჟამად, აეროპორტს რუსული სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენებისა და გამანადგურებლების ბაზირებისთვის იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები