ეგორ კოჩიევი: ცხინვალი ე.წ. საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გააგრძელებს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული 94-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ე.წ. საზღვართან „გარკვეული ინფრასტრუქტურის აშენება გაგრძელდება“.
მისი თქმით, ერთადერთი რაშიც მხარეები ურთიერთშეთანხმებას აღწევენ არის „ხანძრებთან ბრძოლა და ირიგაციის საკითხები“.
რაც შეეხება ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად დააყენეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრები 2009 წლიდან იმართება, რომელშცი მონაწილეობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე ეუთოს და ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლები.