ოკუპაციის გაგრძელება – პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთ კანონს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ყოფნა უვადოდ შეეძლებათ.
დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე განთავსდა.
დოკუმენტს ხელი მოსკოვსა და ცხინვალს შორის არსებული “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების ფარგლებში მოეწერა.
რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოფნა უვიზო რეჟიმის პირობებში 90 დღის განმავლობაში შეუძლია.
შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის რატიფიცირება რუსეთის დუმის ქვედა პალატამ 27 ივნისს მოახდინა.
მაშინ ჟურნალისტებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იგორ ზუბოვს შეკითხვით მიმართეს, მოხდება თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვისაც მსგავსი შეღავათის დაწესება. ზუბოვმა განაცხადა, რომ „პერსპქტივაში, რა თქმა უნდა, აბხაზ კოლეგებს ანალოგიურ შეთანხმებას შევთავაზებთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები