ოსი კომუნისტები რუს კომუნისტებს მიმართავენ დუმამ მათი „გენოციდის“ ფაქტი აღიაროს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის წევრები რუსეთის კომუნისტურ პარტიას მიმართავენ, დუმამ საქართველოს მიერ ოსების გენოციდის ფაქტი განიხილოს და შემდგომ აღიაროს.
„გაგვაჩნია ფაქტოლოგიური მასალა და მზად ვართ ის დუმაში კოლეგებს გადავცეთ“, – განაცხადა სტანისლავ კოჩიევმა.
ოსი კომუნისტები აღნიშნავენ, ბოლო დღეებში ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვები აქტიურად განიხილება, რომელიც 1920 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.
„ფაქტს საბჭოთა საქართველოშიც აღიარებდნენ, თუმცა ტერმინ „გენოციდს“ არავინ ახსენებდა. აღვნიშნავთ, რომ საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული, ეს საზარელი ფაქტი აღიარა“, – ნათქვამია მიმართვაში.
კომპარტია აღნიშნავს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოში ნაციონალიზმის სტიმულირება მოახდინა, რაც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გასული საუკუნის 90-ან წლებში ღია აგრესიაში გადაიზარდა.
ასევე, 2008 წლის მოვლენებიც 1920 წლის რეციდივი იყო, როდესაც საქართველოს ნაციონალ-შოვინისტების მემკვიდრეებმა სამხრეთ ოსეთის განადგურება კვლავ განიზრახეს. და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მტკიცე ნებამ გახადა შესაძლებელი ფაშისტური ბოროტების არიდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
1920 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენოციდის“ თემის გააქტიურება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოახდინა.
9 ივლისს მან განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, „საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
მისივე თქმით,1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები