მედოევი: სამხრეთ ოსეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი აღარასდროს გახდება.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, “საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ “მზიური საქართველო” აღარ არსებობს და ის 1990 წელს ხელისუფლებაში ქართველი ნაციონალისტების მოსვლის დღიდან დასრულდა”.
„სამწუხაროდ, შესაძლებელია მხოლოდ ერთი რამის თქმა: საბჭოთა ადამიანებისთვის ნაცნობი საქართველო აღარ არსებობს, ის 1990 წელს ხელისუფლებაში ახალი ქართველი ნაციონალისტების მოსვლის შემდეგ დასრულდა. ნაციზმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა, თავისი ნაყოფი გამოიღო. სტერეოტიპი სახელწოდებით – „მზიური საქართველო“, რომელსაც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხი და ბოლო წლებში უკვე რუსეთის მოქალაქეები იყენებდნენ, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია, მითი ქართულ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობაზე – შექმნილი, ძირითადად, საბჭოთა კინემატოგრაფისტების მიერ – გაფანტულია.
დღეს სკეპტიკოსებისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ნაწილი, ჩვენ ნაცისტებთან ერთი გზა არ გვაქვს“, – თქვა ოსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა.
მედოევი, ასევე, ამბობს, რომ რუსეთთან პარტნიორობა ოსი ხალხის არჩევანია.
“ამ არჩევანს აქვს ღრმა ფესვები და თავისი მდიდარი ისტორია, წელს 270 წელი სრულდება სანკტ პეტერბურგში ოსეთის პირველი საელჩოს გახსნიდან, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ოსეთ-რუსეთის თანამედროვე ურთიერთობებს“, – დაამატა მედოევმა.