კურორტ ბეშუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა

დღეს პირველად კურორტ ბეშუმის ისტორიაში, ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში კულტურული ღონისძიებები გაიმართა, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ნატურალური რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ: საციხურის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საციხური“; ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ღორჯომი“; ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლი „ხულო“. ადგილობრივი პოეტებმა: ნანო შაინიძემ, რამაზ ხმალაძემ და მუხრან აბაშიძემ წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების წამყვანები – გურამ თავართქილაძე და მარი ლაბაძე.
გამოფენა, კონცერტის პარალელურად, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეები იყვნენ ჩართული. ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი წარმოადგინეს ნაილე აბულაძემ, გიორგი ჩოგაძემ, მაია ქამადაძემ და დიანა ჩოგაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სიმონ და ბადრი ართმელაძეების ნახატები. ადგილობრივი კერძების გამოფენა-გაყიდვის კუთხის მოწყობა დიოკნისის ადმინისტრაციულმა ერთეულმა უზრუნველყო.
„ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრისა და ა(ა)იპ „კურორტი ბეშუმის“ მხარდაჭერით ჩატარდა. კურორტ ბეშუმში ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიურად გაიმართება“, – აცხადებენ ხულოს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები