აფხაზური მედიის ცნობით, ახალ ათონში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 36 წლის საქართველოს მოქალაქე, ბეგლარ წილოსანი დააკავეს. ინფორმაციას აფხაზური “სპუტნიკი”, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბეგლარ წილოსანს თან არასრულწლოვანი შვილი, 2015 წელს დაბადებული ნინო წილოსანი ახლდა.
“იმის გათვალისწინებით რომ ბეგლარ წილოსანის შვილი, ნინო წილოსანი არასრულწლოვანია, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატიდან გამომდინარე, ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით გამშვებ პუნქტ “ინგირზე” გოგონა დედას -თამარ გოგსაძეს დაუბრუნდა”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
“სპუტნიკის” ინფორმაციით, ბეგლარ წილოსანი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.