რატომ დააკავეს ვახტანგ მაისაია "მუხროვანის ამბოხის" დღეს?

სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია პორტალ “კვირას“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის და აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი “ორ გვამში“, კობა კობალაძესთან ერთად, შესაძლოა, მას გულისხმობდა.
მაისაია, რომელიც 2009 წლის 5 მაისს სწორედ ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ დღეს დააკავეს, აცხადებს, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა და მისი, ისევე როგორც ნატოში საქართველო ყოფილი წარმომადგენლის პოლკოვნიკ ირაკლი ბატკუაშვილის, დაკავება სწორედ ე.წ. „მუხროვანის ამბოხს“ უკავშირდება. მაისაიას თქმით, ის, უცხოელი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რა ხდებოდა საქართველოში ამბოხების დღეს, არგუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, იმის თქმას აპირებდა, რომ “მუხროვანის ამბოხი მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ძალოვანების მიერ დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენდა“. მაისაიას განმარტებით, მუხროვანის ამბოხის დღეს მას სლოვაკეთიდან ტელეფონით მეგობარი დოდო დოლეჟანი დაუკავშირდა, მოიკითხა და დაინტერესდა, თუ რა ხდებობდა რეალურად საქართველოში, რადგან სლოვაკეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დოლეჟალმა გამოთქვა სურვილი, რომ მაისაიას ამბოხთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკური წერილი დაეწერა და ის სლოვაკი ჟურნალისტებისთვის გადაეცა, რადგან იქაური მედია დაინტერესებული იყო ამ თემით. მაისაიას მტკიცებით, სლოვაკ მეგობართან მისი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა, და რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულიყო, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრძანებით, იმავე დღეს დააკავეს.
“ეს მასალა სლოვაკეთში ჟურნალისტებისთვის შვიდ საათზე უნდა გამეგზავნა. ცხრა საათზე ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები გეგმავდნენ ამავე საკითხზე ჩემთან შეხვედრას. ასევე იგეგმებოდა ჩემი ჩართვა რადიო “ეხო კავკაზის“ ეთერშიც. თუმცა ხუთ საათზე ჯაშუშობის ბრალდებით დამაკავეს. დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ, შვიდ მაისს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის – გიგა მაზმიშვილის, ხოლო შემდეგ კი მისი მოადგილის ვინმე ოთარ ორჯონიკიძის სამუშაო კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დახვრეტის იმიტაცია მომიწყვეს, დამემუქრნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი, რომ სლოვაკეთის კონტრდაზვერვას, ნატოს სამსახურების სასარგებლოდ, ინფორმაციას ვაწვდიდი, იმავე კაბინეტში მომკლავდნენ, ჩემს გვამს გადააგდებდნენ და გაითამაშებდნენ ინსცენირებას, რომ ვითომ მე ავივყვანე მძევლად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი და გაქცევის მცდელობისას მოხდა ჩემი ლიკვიდაცია. ასევე ცდილობდნენ, როგორმე დაეკავშირებინათ ერთმანეთთან ჩემი და გენერალ-მაიორ კობა კობალაძის დაპატიმრება ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ გამო.
კონტრდაზვერვის თანამშრომლები მაიძულებდნენ, მეთქვა, თითქოს კობალაძე ჩემი “აგენტი” იყო და თითქოს ვიცოდი, რომ ჩართული იყო ე.წ. „მუხროვანის ამბოხში“. ისიც მითხრეს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ ორგანიზატორების საქმე გადაწყვეტილია, ისინი ლიკვიდირებულნი იქნებიდნენ, და თუ არ გინდა, შენც მათი ბედი გაიზიარო, აღიარებითი ჩვენება მოგვეციო. სლოვაკეთის დაზვერვასთან თანამშრომლობა იძულებით ვაღიარე, რადგან ფიზიკური ლიკვიდაციითა და დედაჩემისა და მეუღლის დაპატიმრებით მემუქრებოდნენ“,- განუცხადა “კვირას“ ვახტანგ მაისაიამ. აღნიშნიულს ეუბნებოდნენ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლები ვალერი ზუმბაძე და ლადო დათაშვილი, რომლებიც დღესაც მუშაობენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში და აქტიურად არიან ჩართულნი ე.წ. „ლაფანყურის ოპერაციის“ გამოძიების პროცესში. როგორც მაისაია ამბობს, მას შემდეგ, რაც პროცესზე აღიარებითი ჩვენება მიიღეს, მასსა და დოდო დოლეჟანთან საუბარს ინტერპრეტაცია გაუკეთეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს მათი საუბარი არა ამბოხს, არამედ სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საიდუმლო თემას ეხებოდა. განაჩენში კი ჩაწერეს, რომ დოდო დოლეჟალი სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი იყო და მაისაია მას ინფორმაციას აწვდიდა. “სასამართლოზე ამ ჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა ჩემმა ადვოკატებმა ქალბატონმა ნათია კორკოტაძემდა მარინა ფილაურმა, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო ამ საუბრის აუდიოჩანაწერი არ წარმოადგინეს, არადა აღნიშნული 2009 წლის 5 მაისს შსს-მ ოფიციალურად გაუშვა ტელე-ეთერით, ვითომდა ტექნიკური პრობლემების გამო, ჩემი კომპიუტერიდან წაშალეს ის წერილიც, რომელიც ამბოხის დღეს სლოვაკი ჟურნალისტებისთვის უნდა გამეგზავნა, თუმცა ეს წერილი შემდეგ აღვადგინე და გავასაჯაროვე“,- აღნიშნავს მაისაია.
ყოფილი პოლიტპატიმარი აცხადებს, რომ მისი და დოდო დოლელანის სატელეფონო დიალოგის ჩანაწერი და სხვა ე.წ. „ნივტმკიცებულებანი“ (პირადი ლეპტოპი, ე.წ. „ფლეშკა“ და ასევე ნივთერ მტკიცებულად თანდართული „წითელი ფერის გადასაშლელი ორყდიანი მოწმობა, გარედან რუსული წარწერით „КГБ СССР“, მასში ჩაკრული ფოტოსურათით, რომლის გასწვრივაც ანკეტურ მონაცემებში მითითებულია ვახტანგ მაისაია“- როგორც ჩანს აღნიშნული პასაჟი იგულისხმა ყოფილმა შსს-ს მინისტრმა და ამჟამად ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა, მისი მტკიცებით „ორი რუსი ჯაშუში-ინსტრუქტორებში“). 2011 წელს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე, განადგურდა. მაისაიას განმარტებით, იმ პროკურორის წინააღმდეგ, ვინც ხსენებული ვიდეორგოლის განადგურება მოითხოვა და იმ მოსამართლის მიმართ, ვინც ეს მოთხოვნა სისრულეში მოიყვანა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რადგან ეს ყველაფერი ასევე ეხებოდა ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ თემატიკას.
„ჩემი სისხლის სამართლის საქმეში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სრულიად უკანონოდ გაანადგურეს ეს მასალა. ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს“.
ვახტანგ მაისაია 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნატოს წევრი-ქვეყნის (სლოვალკეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის სამსახურის, რომელიც რეალურად ბუნებაშიც არ არსებობს და მითიურ სახის სპეცსამსახურს წარმოადგენს, ისევე როგორც ვითომდა ამ „სამსახურში“ ჩანერგილი ე.წ. „თხუნელები“, რომელიც თურმე ასევე არ-არსებული „რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურზე“ მუშაობდნენ) სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაისაია იხსენებს, რომ მისი დაკავებიდან ორი წლის შემდეგ მას ლიკვიდაციით კვლავ დაემუქრნენ, და რომ არა მასთან ერთად იმავე სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მსხდომი პოლიტპატიმრების სათანადო ქმედებები, ახლა ის ცოცხალი არ იქნებოდა. მაისაიას თქმით, სად-ის იმჟამინდელი მაღალჩინოსნების გაღიზიანება გიორგი ჯანელიძის მიერ მუხროვანის ამბოხზე გადაღებულ ფილმს მოჰყვა. ფილმი სწორედ მაისაიას მოპოვებულ მტკიცებულებებსა და მის ანალიზზე დაყრდნობით იყო გადაღებული. მაისაიას თქმით, ასევე დიდი რეზონანსი მოჰყვა ამბოხის თემებზე გაზეთ “დრონიში“ და “კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ მასალებს.
“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელმა გიორგი ჯანელიძემ ჩემი ანალიზი გამოიყენა თავის ფილმში სახელწოდებით – “ოპერაცია ამბოხი“ გადაიღო, რომელიც 2011 წლის 5 ივნისს ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში გავიდა. ამ ფილმის ეთერში გასვლიდან ზუსტად ერთ საათში, რუსთავის მე-17 ზონაში, სადაც მე ვიმყოფებოდი, სპეცნაზი შემოვარდა, მათთან ერთად – დავით ჭაკუა, გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავაც შემოცვივდნენ, საკნიდან გამათრიეს, ამიყვანეს ციხის დირექტორის – ლაშა ბრეგვაძის კაბინეტში. მკურნალიძემ პირდაპირ დამისვა კითხვა – ზონიდან ე.წ. „მუხროვანის ამბოხზე“ მნიშვნელოვანი ინფორმაცია რატომ გავიდაო. მე ვუთხარი, რომ დოკუმენტებით თუ დაამტკიცებთ, რომ ჩემ მიერ გავიდა ეს ინფორმაცია, მერე ვისაუბროთ-მეთქი. შელაპარაკება მოგვივიდა. მერე ნიღბიანებმა ხელები გადამიგრიხეს, გამიყვანეს ციხის დირექტორის მოადგილის კაბინეტში, სადაც სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი ვიყავი. შემდეგ ზონიდან ჩემს გაყვანას აპირებდნენ, სადაც ჩემი “დამუშავება“ მოხდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ჩაკეტილი ვიყავი, თანასაკნელმა პოლიტპატიმრებმა – რამაზ სამნიძემ, თემურ ჟორჟოლიანმა, მელორ ვაჩნაძემ, ჯერლიდ ძარიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და სხვებმა განგაში ატეხეს და ჩემი კამერაში დაბრუნება მოითხოვეს. დარწმუნებული ვარ, რომ არა მათი ძალისხმევა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. იმიტომ, რომ ეს ამბავი სავარაუდოდ მერაბიშვილის დონეზე იყო ასული“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები