შოთა გულბანი: გონებაბრტყელი ადამიანი რომ იძახის, უკრაინაში წაათრიეთ თქვენი ღვინო და “ბორჯომიო”, მასე არაა ბიძია საქმე

“პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულ დარტყმას გადაურჩა! მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვერ გადავიტანდით ამ დარტყმას, თუმცა პირველ ეტაპზე ზიანი იქნებოდა იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ვიდრე გასულ დღეებში ვიხილეთ პროგნოზები”, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განაცხადა. მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რუსეთის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოზე ცუდად აისახება.
“გასული სამი კვირის განმავლობაში მარტო ამ დაძაბული კერის ფონზე მნიშვნელოვნად შეფერხდა ეკონომიკური განვითარება, კერძოდ:
ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა ლარი;
მცირე და საშუალო ტურისტულ მეურნეობებს, ფაქტობრივად, ჩაუვარდათ სეზონი, სადღაც 80%-მა რუსი ტურისტების გააუქმა ჯავშანი. არადა, ძირითადად, ასეთ მცირე ბიზნესებს ბანკიდან აქვს სესხი აღებული და სეზონზე ტურისტების ნაკადების ზრდის იმედად იყვნენ, რა პასუხს გავცემთ ასეთ ხალხს?
ღვინის რვა კომპანიას აეკრძალა რუსეთში ღვინის ექსპორტი და, ჩემი ინფორმაციით, ამას მოჰყვა სხვა მსხვილი კომპანიების ექსპორტის შეზღუდვაც, ძირითადად, დამკვიდრებული ნეგატიური განწყობილებების გამო.
რა შეიძლება მომხდარიყო, თუ სანქციები მართლა დაგვიწესდებოდა:
ტურისტული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, ჯამურად, 2 მილიარდ ლარზე მეტს ვკარგავთ;
აგროპროდუქტების ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში მიმდინარე წლის ბოლომდე დანაკარგი, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი;
ფულადი გზავნილების აკრძალვა, დაახლოებით, 1,3 მილიარდი ლარი;
მათი იმპორტის შეზღუდვა გამოიწვევს ფასების ზრდას ცალკეულ პროდუქტებზე;
ათასობით მევენახე დარჩება სამუშაოს და შემოსავლის გარეშე, როცა ყურძენს აღარავინ ჩაიბარებს.
ეს ჩამონათვალი მხოლოდ ზედაპირზე არსებული პრობლემებია, რაც აუცილებლად და დანამდვილებით ვიცით, რომ მოხდება. მაგის გარდა კიდე უამრავი დაკავშირებული დარგია, რაც პირდაპირ თუ ირიბად დაზიანდება სანქციების გამო.
ასე რომ, ის გონებაბრტყელი ადამიანი რომ იძახის, უკრაინაში წაათრიეთ თქვენი ღვინო და “ბორჯომიო”, მასე არაა ბიძია საქმე. შენ რომ ათიათასებს ღებულობ ყველა თვეში და გლეხი წელებზე ფეხს იდგამს მთელი წლის მანძილზე, მოსავალი რომ მოიყვანოს, იოლია, ხო, უძახო მოღალატე და შეშინებული იმის გამო, რომ ელემენტარული, საარსებო შემოსავლისთვის იბრძვის საკუთარი შრომით? აი, ზუსტად ასეთები და მსგავსები გვღუპავენ და გვხევენ უკან”, – აცხადებს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები