ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. ეს შენობა არის 50-იანი წლების, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, თავის დროზე არის დეკორაციისთვის გამოყენებული ელემენტი.

შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ.

სამწუხაროდ, ასეთი შენობები თბილისის მერიას მემკვიდრეობით გადმოეცა. ასეულობით ასეთი შენობაა ქალაქში“, – აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ.

ცნობისთვის, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები