მამუკა მდინარაძე – პოლიტიკურ შემოდგომაზე: იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა

იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ როგორი იქნება პოლიტიკური შემოდგომა არჩევნების შემდეგ.

მისი თქმით, ხშირად ეკითხებიან თუ როდის დაწყნარდება სიტუაცია, თუმცა მთავარი ის არის, რომ საზოგადოებამ იცის ტყუილ-მართლის გარჩევა.

„როდის დავწყნარდებით? საქართველოს ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამ თავისუფლების, ამ ღირებულების, ამ საოცნებო სიტყვის უკან ხან დიდი ფარისევლობაა, ხან დიდი გულწრფელობა და ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს მართებს ამ გულწრფელობისა და ფარისევლობის გარჩევა ერთმანეთისგან. და თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ყველანი ერთად შევძლებთ თეთრისა და შავის, მტყუანისა და მართლის, გულწრფელისა და მატყუარას გარჩევას, აქ არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გასაღები. ჩემი აზრით, იმიტომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომ შეუძლებელია ასეთი მცირერიცხოვანი ერი, ამდენი საუკუნის განმავლობაში ასეთი შემოტევების ფონზე გადავრჩენილიყავით, რომ არა პირველ რიგში ღვთის წყალობა და მეორე რიგში ქართველი ხალხის გონიერება, როდესაც ჩვენი საზოგადოება კრიტიკულ მომენტში ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებდა. ამის იმედი მაქვს მე, ამის იმედი უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოატყუებენ, შეეცდებიან მოტყუებას. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ასე ჩვენსავით დასხდებიან და შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად, ბოლომდე გახსნილი და ღია ტექსტით სიმართლე უთხრან და მერე არჩევანი ისევ ქართველ ხალხზე დგება. სამშობლო არის უპირველესი და ჩვენი უპირველესი მიზანია გაერთიანებული ჩვენი სამშობლოს განვითარება. ამ გაერთიანებასაც შემთხვევით არ ვამბობ. ეს ჩვენი უპირველესი მიზანია, განვითარება და ისეთი განვითარება, სადაც პროგრესი და წარსულის პატივისცემა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები არ იქნება, როგორც ამის დამკვიდრებას ჩვენში ცდილობდნენ. და მაინც და მაინც ლგბტ უფლებებს თუ არ გადავყევი თან და ზომიერების ფარგლები დავიცავი ყველას უფლება, ამის გარეშე მე ჩემი სამშობლოს ხვალინდელ დღეს შევქმნი და ჩემს შვილებსაც ტრადიციებზე გავზრდი და ღირსეული, პროგრესული მომავლის სადარაჯოზეც ვამყოფებ. ასეთი საქართველო მინდა მე, ასეთი მომავლის გვწამს ქართველებს და ამიტომ ვიქნებით ყოველთვის მყარად. ოღონდ სულ ვიქნებით ბრძოლაში და არ უნდა დაგვეზაროს ეს ბრძოლა. ვხედავთ, რომ ამის გარეშე არ გამოდის. სანამ შეგვიტევენ უნდა ვიბრძოლოთ. მშვიდი პერიოდებიც გვექნება, არეული პერიოდებიც გვექნება, მაგრამ ბრძოლა არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ვიბრძოლოთ, როცა ამის საჭიროება იქნება. ხან შეიძლება ფიზიკური ბრძოლით, ხან შეიძლება ინტელექტუალური ბრძოლით, მთავარია სიმართლე და ჩვენი სამშობლოს სიყვარული იყოს ერთ სიბრტყეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები