მამუკა მდინარაძე: ქართველები ვდგავართ იქ, სადაც შეურაცხყოფას ვეღარავინ ვეღარასდროს მოგვაყენებს – ამიტომ გვიხარია დამოუკიდებლობაც და სიმყარეც ჩვენი სიტყვის და საქმის – ეგ არის მთავარი

ქართველები ვდგავართ იქ, სადაც შეურაცხყოფას ვეღარავინ ვეღარასდროს მოგვაყენებს. ამიტომ გვიხარია დამოუკიდებლობაც და სიმყარეც ჩვენი სიტყვის და საქმის, ეგ არის მთავარი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კაია კალასის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც 7 ოპოზიციონერი ციხეშია, არ შეიძლება არჩევნები იყოს კონკურენტუნარიანი.

მისი თქმით, დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა, გეუბნებიან რომ პოლიტპატიმარია.

„ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენა აქვს კაია კალასიდან დაწყებული, დამთავრებული რიგითი აგენტით, რომელიმე პარტიაში. ამაზე პრიმიტიული, მარტივი, ადვილი საქმე, იურისტის კვალიფიკაცია სულ არ სჭირდება, ხომ არ არსებობს. არის რაღაც დაწერილი ნორმა, რომელიც ითვლება დანაშაულად. რაღაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, ითვლება დანაშაულად. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ კომისიაზე არ მისვლა დანაშაულია. უფრო მარტივი საქმე სისხლის სამართლის ხომ არ შეიძლება ყოფილიყო. მივიდნენ? მაინც ციხეში მოხვდნენ? ამაზეც კი რომ ბედავენ პოლიტიკური პატიმარი დაუძახონ და პიარი ააგონ.

თუ დანაშაული ჩაიდინა, მერე რაღას ნიშნავს სწორად ზის არ ზის. დანაშაული თუ ჩაიდინა ფაქტობრივი მოცემულობაა. არსებობს კოდექსი და არსებობს შესაბამისი სანქცირების ფორმა აღსრულების მექანიზმით. სად უნდა იჯდეს აბა, ვილაში ხომ არ უნდა იჯდეს თუ დანაშაული ჩაიდინა. მარტივია ხომ? ანუ, ისინი გვთავაზობენ მოცემულობებს. შენ დემოკრატიული წინსვლა გაქვს თუ უკუსვლა, ის გეუბნება უკუსვლა გაქვს. დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა, გეუბნება რომ პოლიტპატიმარია. ამ მოცემულობას თუ მივიღებთ, უკვე ხალხსაც გავაბრუებთ და ვერ მიხვდება ხალხი რაზე ვლაპარაკობთ. უნდა ვუთხრათ, კაცმა ჩაიდინა დანაშაული, ზის ციხეში. რა გინდა, რა პოლიტპატიმარი აგიტყდა და გარედან რომ ამას მეუბნები, პოლიტპატიმარს რომ ეძახი, ჩემი შეურაცხყოფაა, ქართველი კაცის. კაცმა, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, ბოდიში ყველასთან, ფეხებზე მკიდიაო და ჩავდივარო, არალეგიტიმურია ჩემი სახელმწიფო, ჩემი პარლამენტიც, ჩემი ქვეყნის არჩევანიც ფეხებზე მკიდია და მილიონ 200 ათასი კაცი რას გადაწყვეტს ისიცო, გარედან ასე გვეუბნებიან კაია კალასიც და სხვებიცო, აი ეს არის შეურაცხმყოფელი და ამას როგორც კი გავათვითცნობიერებთ, რომ ამ შეურაცხყოფაზე სერიოზულად კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ, შენ მე შეურაცხყოფას არ უნდა მაყენებდე და ქართველები ვდგავართ იქ, სადაც შეურაცხყოფას ვეღარავინ ვეღარასდროს მოგვაყენებს. ამიტომ გვიხარია დამოუკიდებლობაც და სიმყარეც ჩვენი სიტყვის და საქმის. ეგ არის მთავარი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები