საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურორი, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორები თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, თბილისის პროკურატურის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად თბილისის პროკურორად გიორგი მიქაია დაინიშნა, აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე გიორგი მიქაია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა, რომელიც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი დაინიშნა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.
თანამშრომლებთან შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.