მდინარაძე: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში – ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და ყველა უნდა დაგვიდგეს გვერდით, ვისაც საკუთარი შვილების და ქვეყნის ბედი აწუხებს

ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას – კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამას, ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მეორე: ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები ალბათ ხედავთ, რომ ამაზე მიანიშნებს. ჩვენ ამ გზით უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა. როდესაც გეუბნებიან, რომ შენს ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები. ყველა მოქალაქე უნდა დაგვიდგეს გვერდით, ვისაც საკუთარი შვილების და ჩვენი ქვეყნის ბედი აწუხებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ის ადამიანები გადაჰყავთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომლებიც აქციაზე დადიან, სრული სიცრუეა.

მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი – ჩვენი მომხრეც და სხვა პარტიის მომხრეც. შენ თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ და აქციებზე დადიხარ, როგორ გკადრეს და გითხრეს, რომ ცნობა მოიტანე ნარკოლოგიურიდან, შემთხვევით ზემოქმედების ქვეშ ხომ არ ხარო. ჩვენს მომხრეებს რომ გადაიყვანენ ნარკოლოგიურში, ეს პოლიტიკური დევნაა? თეორიაში უშვებთ ამ სისულელეს, რომ გადაჰყავთ მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტები? გააპროტესტა 25 კაცმა, გადაყვანილია 2500. დანარჩენი აქტივისტები იყვნენ და არ გააპროტესტეს?“, – აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა უკანონო მიგრაციის საკითხზეც.

„ესეც ძალიან აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და აქაც პირობას ვდებთ: რაც კი ქართულ სახელმწიფოს ქართული საზოგადოების ხელშეწყობით ექნება ბერკეტი, ჩვენ უკანონო მიგრაციას დავიყვანთ მინიმუმამდე. მართლაც, ჩვენ ათასობით უკანონო მიგრანტი გვყავს ქვეყანაში. ევროპაში ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა და ჩვენ ამას საქართველოში არ დავუშვებთ და მერე კიდევ არ დაგვიწყონ, თქვენ უცხოელებს დევნითო. უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია და ქართული სახელმწიფოს რეაქცია იქნება ეს. facebook-ში დადებულ მიმებს და ვიდეოებს მაინცდამაინც ნუ ავყვებით, ყველას მოვუწოდებ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები