ლევან მახაშვილი – ოპოზიციაზე: ამ ადამიანების ინტერესი არ არის, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდად, ცივილურ გარემოში ჩაიაროს, არამედ მაქსიმალური აურზაური, ასე ექნებათ შესაძლებლობა ანგარიშები გაუგზავნონ უცხოელ მფარველებს
ეს ადამიანები თავად საუბრობენ იმაზე, რომ არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ემზადებიან არეულობისთვის, რომელიც შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაშიც, თავად არჩევნების დღესაც და, რაც მთავარია, არჩევნების შემდგომ. სწორედ ამაზეა გათვლა, რომ მაქსიმალური დესტრუქცია შემოიტანონ წინასაარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაპირისპირების შემოტანაა.
„ჩვენ საუბარი გვაქვს არა საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ მუნიციპალურ არჩევნებზე, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის ყოფით საკითხებთან დაკავშირებით. აქაც კი, მათი მთავარი აქცენტი არის მაქსიმალური დაპირისპირება. არა იმაზე ვისაუბროთ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს, არამედ სად მუშტი გავიქნიოთ, სად არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ა.შ. ეს ტენდენცია გრძელდება. ამიტომ გვინდა, რომ მოსახლეობა გავაფრთხილოთ, რეალურად ამ ადამიანების ინტერესი არ არის, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდად, ცივილურ გარემოში ჩაიაროს, არამედ მაქსიმალური აურზაურის ფონზე ჩაიაროს. იმიტომ, რომ ასე ექნებათ შესაძლებლობა ანგარიშები გაუგზავნონ თავიანთ უცხოელ მფარველებს, რომ არეულობის ფონზე ჩატარდა არჩევნები, ვერ გამოიხატა საარჩევნო ნებაა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.