მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირს შეურაცხყოფა მიაყენეს, კრიმინალები ეძახეს და დღეს მათ არ ჩამოყვანაზე აქვთ პრეტენზიები

მე არ გამორიცხავ, [ეუთო/ოდირის] არც მოწვევას, არც არ მოწვევას. უბრალოდ უნდა დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას, რამხელა ფარისევლობაა ამ მოთხოვნაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის არმოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია არჩევნებზე წარმოდგენილი იყოს ეუთო/ოდირი, ფარისევლობაა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას კრიმინალებს უწოდებდნენ საპარლამენტო არჩევნებზე გამოქვეყნებული დასკვნის გამო.

„წელიც არ არის გასული, თვეების წინანდელ არჩევნებზე იძახიან, არ გვაინტერესებს რა დაწერა ეუთო/ოდირმაო. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კარგი, რის შემდეგაც შეურაცხყიფა მიაყენეს ამ ხალხს, კრიმინალები ეძახეს და ვისაც კრიმინალები ეძახეს, დღეს იმათ არ ჩამოყვანაზე აქვთ პრეტენზიები. ევროპის წამყვან ქვეყნებში ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთოდ არ არის ნამყოფი.

საერთოდ არც ფიქრობენ რამდენ ხმას მიიღებენ, არ აინტერესებთ. ჩვენ გვაინტერესებს ქართველი ხალხის პოზიცია, მათ აინტერესებთ მათი პატრონების პოზიცია და მათი პატრონები რას დაალაგებენ ეუთო/ოდირთან, რა ზემოქმედების ბერკეტების გამოიყენებენ, როგორ დააშანტაჟებენ, ან ვერ დააშანტაჟებენ – ამაზე ფიქრობენ, ამაზე აქვთ გათვლა. სულ არ აინტერესებთ ობიექტურად რას დააკვირდება და რას – არა.

მე არ გამორიცხავ, არც მოწვევას, არც არ მოწვევას. უბრალოდ უნდა დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას, რამხელა ფარისევლობაა ამ მოთხოვნაში. თან ლანძღეს, კრიმინალები ეძახეს და ფარისევლურად, ამბობენ ამას“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები