ირაკლი როსტომაშვილი: მერიის დამცველი არ ვარ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მერიას რომ დაეწყო ღობის კეთება, ყველა კამერა იქ იქნებოდა, დაიწყებდნენ, მოსახლეობა ლუკმაპურის გარეშე რჩებაო
სხვა პასუხი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ხალხი უნდა გამოსულიყო, – ამის შესახებ არქიტექტორმა, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მანდ არის რამდენიმე მომენტი, მე რაღაცებს ვუსმენ და გულზე მხვდება, რადგან ზოგი ემოციით არის და ზოგი როგორ, მაგრამ პრაგმატულად შევხედოთ, ადამიანების ბედზეა ლაპარაკი, ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ადამიანის ცხოვრება გადის ასეთ მდგომარეობაში. იქ იყოს საუბარი, რატომ არ გააკეთეს პარაპეტიო და როგორ წარმოგიდგენიათ, ვის წარმოუდგენია, რომ იქ ხალხი ცხოვრობდეს და იმის რემონტი აკეთოს ვინმემ? გამორიცხულია ასეთი რაღაცები. სარემონტო სამუშაოების საშუალებაც რომ იყოს, ფინანსები და რენტაბელურობა მაგ შენობის, გამაგრების, თუ არ დაიცალა, როგორ შეიძლება მაგის კეთება? რაც შეეხება იმ პარაპეტს, რაც ჩამოინგრა, სხვათა შორის, თბილისში ყველაზე სერიოზული პრობლემები არის პარაპეტები. ხომ გვახსოვს, 2002-ში ქეთევან წამებულზე რომ ჩამოვარდა, მსხვერპლი იყო“, – აღნიშნა როსტომაშვილმა.
მისი თქმით, ის მერიის დამცველი არ არის, მაგრამ რეალობის შესახებ უნდა თქვას.
„არ ვარ მერიის დამცველი, მაგრამ წარმოიდგინეთ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მერიას რომ მიეყვანა ზედამხედველობის სამსახური და დაეწყო ღობის კეთება, რაც რამე კამერა არსებობს, საქართველოს ჟურნალისტი, ყველა იქ არ იქნებოდა, რომ ის მოსახლეობა ლუკმაპურის გარეშე რჩება, რა ქნან, ორი ობოლი ჰყავს და ასე შემდეგ? აი, ვინც ვაჭრობდა იქ, იმათზე. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?“, – განაცხადა როსტომაშვილმა.