„ისტორიული ნაღმების ჩადება, ისტორიის გადაწერა“ – ამირან სალუქვაძე პუტინის მიერ ისტორიის გაყალბებაზე

“ეს არის ისტორიული ნაღმების ჩადება, ისტორიის გადაწერა, ფალსიფიკაცია პუტინის მხრიდან”, – ასე ეხმაურება ბრიგადის გენერლი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას, რომლითაც პუტინმა საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა.
„ეს არის ისტორიული ნაღმების ჩადება, ისტორიის გადაწერა, ფალსიფიკაცია პუტინის მხრიდან.
ეს იყო გაცილებით სერიოზული პასუხი ჩვენთვის, თუ ამას სწორად აღვიქვამთ, ვიდრე ემბარგო. “რასია 24-ზე” გავიდა სიუჟეტი, სადაც არის აბსოლუტურად დამახინჯებული ისტორია. დოკუმენტური ფილმი უკვე გამომცხვარი აქვთ. ამას მოჰყვება შემდგომი ქმედებები რუსეთის მხრიდან და მთელ თაობებს აღზრდიან არასწორად. ამას გონივრული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ და არა – ცხელი თავები“, – განაცხადა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე.
როგორც სალუქვაძე აცხადებს, პუტინმა გუშინ დაიწყო მზაკვრული, ყველაზე ბოროტი ომი – ისტორიის გადაწერა.
„რომ დაგვიჩემებია ხოლმე “რბილი ძალა” და “ჰიბრიდული საფრთხეები” და ვატრიალებთ წამდაუწუმ, რბილად, დაცინვით, ღიმილით, თავზე გადაგვახია ისტორია და ვერ მივხვდით.
პუტინმა გუშინ დაიწყო მზაკვრული, ყველაზე ბოროტი ომი – ისტორიის გადაწერა. ამ საქმეში მას საქართველოშიც ჰყავს დამხმარეები  მ.შ. სოციალურ სივრცეში. მანამდეც დავეხმარეთ კოდორის გაუქმებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენით.
დღეიდან ისტორიული მასალების ფრიალი მოგვიწევს იმის სამტკიცებლად, სადაა სიმართლე.
ეს მხოლოდ დასაწყისია. გადაწერენ ისტორიის სახელმძღვანელოებს, ადამიანების მეხსიერებას, შექმნიან ახალ თაობებს, რომლებიც სხვა ისტორიაზე აღიზრდებიან.
ეს ოკუპაციის, ომის ახალი ფაზაა, გაცილებით მზაკვრული, ვიდრე ტყვიებითა და ტანკებით”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე, გენოციდში ადანაშაულებს და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ისტორია არ დაივიწყოს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვ,ს 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად, მისი სამხრეთი ნაწილიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამთავრო. შემდეგში ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია”, – ამბობს პუტინი.
პუტინის მტკიცებით, რუსეთის იმპერიის ჩამოშლის და I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა გერმანული ძალების დახმარებით.
“1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ”, – აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ჯერ ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც საქართველო შევიდა. პუტინის თქმით, არც ეს იყო საქართველო. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. პუტინის თქმით, ბერიამ და სტალინმა საქართველოს მიერ აფხაზეთის ჩასაყლაპად უაღრესად მკაცრი ზომები მიიღეს აფხაზეთში. პუტინის განცხადებით ეს რეალობა და მძიმე მემკვიდრეობა არ გაითვალისწინა საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა და აჭარის, აფხაზეთის ავტონომიები გააუქმა, რასაც ძმათა მკვლელი ომები მოყვა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები