გენადი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ნათლად დაინახავს პროვოკაციის ნამდვილ სათავეს

“ის, რაც გუშინ მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ეთერში, იყო კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არეულობის შექმნას და რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობის დაძაბვას“, – ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა განაცხადა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე წარმოებული „ჭკვიანურად დაგეგმილი“ პროვოკაცია.
„პასუხისმგებლობას მხოლოდ გიორგი გაბუნიას ვერ დავაკისრებთ, მიუხედავდ იმისა, რომ ის საავატორო გადაცემის წამყვანია, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მიერ მიტაცებულ ტელევიზიას, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის შექმნას და ქვეყნის გარეთ ურთიერთობის დაძაბვას. ეს მათი უბინძურესი პოლიტიკაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის განახლებას ემსახურება. ჟურნალისტის გუშინდელი გადაცემა, უპასუხისმგებლო „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის შედეგია. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მმართველობის პერიოდში მიგვიყვანა იმ მძიმე შედეგამდე, რასაც 2008 წლის ომი ჰქვია, ჩვენი მიზანი კი ყოველგვარი კონფლიქტის თავიდან აცილებაა. ახლაც დიდი საფრთხის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო, მითუმეტეს, რომ უკვე მივიღეთ რუსეთის სახელმწიფოსგან რეაქცია, რამაც, პირველ რიგში, ქართულ ეკონომიკას მიაყენა ზიანი.
ეს იყო საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე წარმოებული „ჭკვიანურად დაგეგმილი“ პროვოკაცია, რომლის უკან არა, მხოლოდ ერთი გადაცემის წამყვანი, არამედ ნაციონალური მოძრაობა“ დგას. მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, პირდაპირ აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს მსოფლიო ასპარეზზე.
და ბოლოს, ყველაზე მთავრი კითხვა, რაც გაჩნდა ამ მოვლენების შემდეგ:
1. რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე (ცნობილია, რომ 18 ივლისს „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება)?
2. რას ემსახურება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული პროვოკაციული გადაცემა, იმ ფონზე, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობა დაიძაბა? განვითარებულმა მოვლენებმა კი საფუძველი მისცა რუსულ სახელმწიფოს შეეწყვიტა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ასევე შესაძლოა შეწყდეს ქართული ღვინისა და წყლის შეტანა და აიკრძალოს ფულადი გზავნილები.
იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ნათლად დაინახავს პროვოკაციის ნამდვილ სათავეს”, – ამბობს გენადი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები