სერგეი ნევეროვი: დუმაში ღვინის ექსპორტისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს დავსვამთ

რუსეთის მმართველი პარტიის, “ედინაია რასიას” ფრაქციის თავმჯდომარის, სერგეი ნევეროვის თქმით, დღეს დუმაში საქართველოსთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესებაზე იმსჯელებენ, რაც ჩვენი ქვეყნიდან მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის აკრძალვას შეეხება. ამის შესახებ ნევეროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
„საქართველოში რუსოფობიის ნიშნებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. დღეს დუმის საბჭოს სხდომაზე საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს დავსვამთ“, – თქვა ნევეროვმა.
რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, საქართველოში ბოლო დროს არსებულ ვითარებასა და გუშინ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყებაც გამოეხმაურნენ.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს ანტისაოკუპაციო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ლოზუნგით – “რუსეთი ოკუპანტია” -19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით, თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. ამასთან, დაზიანებები მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. სამმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მე-13 დღეა გრძელდება.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოში ფრენები. ამასთან, ტუროპერატორებისა და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები