ირაკლი კობახიძე: წლების განმავლობაში, ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მას მტერი

“ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ ყოფილი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.
“ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს პოლიტიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლამდე, ასეთი არის ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არა მხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ – ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მიერ იდგმება; მათ შორის პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარადგენდა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა, მათ ჩვენთვის არ “მოეკერებინათ” პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერმა გააკეთა 2012 წლამდე იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად რეალიზებული ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში. მათი პოლიტიკის შედეგი იყო ორი რეგიონის სრული ოკუპაცია, ამის შედეგი იყო ასეულობით ადამიანი დაღუპული, ამის შედეგი იყო ასიათასობით დევნილი ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები