არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდის სურვილი და პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა უზრუნველვყოთ

„საარჩევნო სისტემის ცვლილება და კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ფართო ჩართულობით განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს სამუშაო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ჩართულობა იმედს მაძლევს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ გარემოში, მაქსიმალურად თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით და შედეგზე ორიენტირებული პროცესით წავალთ წინ და მივიღებთ იმ ცვლილებებს, რომელიც ახლა ასეთი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება გუშინ და დღეს შესაძლოა, სხვა საკითხებზეა გადატანილი, მე მაინც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხაზგასმით ვიტყვი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, სამუშაო შეხვედრის პირველი დღე ეუთო-ს რეკომენდაციების დეტალურ განხილვას დაეთმობა.
„დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, ასევე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას პოზიცია და წარმოადგინოს შეთავაზებები. შემდეგ უკვე შევთანხმდეთ, თუ რა არის ის მთავარი საკითხები, რომელზეც მუშაობას განვაგრძობთ ამ და შემდეგი შეხვედრის ფარგლებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 8-10 ივლისის გასვლითი შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, ვიდრე მმართველი გუნდი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებდა, შესაბამისად, ფორმატში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.
მმართველი გუნდის სურვილი და მზადყოფნა – უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენი სურვილი და პოზიცია არის, რომ უზრუნველვყოთ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა ორივე სამუშაო პროცესში და შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ჩავრთოთ პოლიტიკური პარტიები ამ დისკუსიაში. არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, გარდა პროპორციული არჩევნებისა და ნულოვანი ბარიერისა, რომელიც ეხება კამპანიების მენეჯმენტს, პარტიების დაფინანსების საკითხს, არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიებს და ა.შ. “,- ამბობს თალაკვაძე.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას მართავს.
სამი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები