ნინო ბურჯანაძე გაბუნიას განცხადებას სააკაშვილის დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის”​ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გაბუნიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს, დროულად დაიწყოს მომხდარზე გამოძიება.
„მინდა, საგანგებოდ გამოვეხმაურო იმ დაგეგმილ ბინძურ სპეცოპერაციას, რომელიც დაგეგმა სააკაშვილმა და განახორციელა გაბუნიამ. ის, რაც გაბუნიამ გააკეთა გუშინ “რუსთავი 2-ის” ეთერში, ეს არ იყო არც ემოცია, არც, უბრალოდ, უზრდელობა. ეს საგანგებოდ დაგეგმილი უმძიმესი პროვოკაცია იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციის უკან დგას სააკაშვილი და ტექსტიც, დიდი ალბათობით, სააკაშვილის დაწერილია. გუშინდელი განცხადება არც პოლიტიკურ, არც ჟურნალისტურ და არც უბრალოდ ადამიანურ-ეთიკურ ჩარჩოებში ეტევა. გაბუნიამ ის იკადრა, რაც საქართველოში არასოდეს არავის უკადრებია, რა მტრობაც უნდა ყოფილიყო და ვის მიმართაც უნდა ყოფილიყო განცხადება გაკეთებული. ყველანაირი ზღვარი იქნა გადალახული ადამიანური, მორალური, ეროვნულ-ტრადიციული ​ და ამით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობას მიაყენეს შეურაცხყოფა, ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს.
გუშინ კარგად გამოჩნდა, რომ სააკაშვილი, რომელმაც კარგად იცის, ხელისუფლებას პროვოკაციების გარეშე ვერ დაუბრუნდება და ის ადამიანები ვინ სააკაშვილს უჭერენ მხარს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ, ყველაფერზე წავლენ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ – ყველაფერზე, მათ შორის ქვეყანაში ქაოსზე, დაპირისპირებაზე და ამის ნიშნები აშკარად ჩანს. ცდილობენ, ხალხი დაყონ, დააპირისპირონ, შექმნან ხელოვნური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ.
ეს არის იმ შვიდწლიანი კოჰაბიტაციის შედეგი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელიხელჩაკიდებულნი, ერთმანეთის გვერდით იყვნენ. ამ კოჰაბიტაციის კულმინაცია არის ის, რაც გუშინ მოხდა.
ამიტომ, კეთილი ინებოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და დაიწყოს საგანგებო გამოძიება ამ სპეცოპერაციისა იმიტომ, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გამოძიებულ იქნას ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან, რა იყო ჩაფიქრებული ამ პროვოკაციით და შესაბამისი რეაგირება იქნეს აუცილებლად განხორციელებული. ეს არის აუცილებელი და ამას თუ არ გააკეთებს ხელისუფლება, ეს კიდევ ძალიან ძვირად დაუჯდება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები