„პირველივე სტუმარს ქართული დროშით დავხვდი“ – ვინ არის „თომა პაპას მარნის“ დიასახლისი- ჟურნალისტი

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქრიში დაიბადა… ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა. რატომღაც თავიდან ექიმის პროფესია იზიდავდა, მაგრამ ბოლოს ამ სურვილს ჟურნალისტობამ გადასძალა… ვიდრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდებოდა, სოფელში კომბაინზე და ტრაქტორზეც მუშაობდა...
შემდეგ იყო სტუდენტობის ლამაზი წლები და  ჟურნალისტური ცხოვრების ფორიაქი  ალიასა“  და ,,კვირის ქრონიკაში ამბობს, რომ ჟურნალისტიკა ურთულესი საქმე, სადაც  წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ ჟილკაარ გაქვს... ბედნიერი, რომ შეძლო, ისე  ემუშავა, მკითხველს  მისი გვარსახელი დამახსოვრებოდა.
ამჟამად მშობლიურ სოფელში გადასახლდა და საოჯახო სასტუმრო „თომა პაპას მარანი“ გახსნა. ამბობს, რომ დარბაზები ეროვნულფორმიანი თოჯინებით და ქართული სამოსითქუდებით, აქსესუარებითა და ძველებური ფოტოებით მოირთვება. თომა პაპას მარანშიადამიანებს შეუძლიათ, შემეცნებით და საგანმანათლებლო მასტერკლასებშიც მიიღონ მონაწილეობა,
პარალელურად აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, როგორც  euronews.ge – დამფუძნებელი და რედაქტორი. – ჟურნალისტ ნელი ვარდიაშვილის პერსონა.

–  ვაქირში დავიბადე, გავიზარდე და ცხადია, ძალიან მიყვარს მშობლიური კუთხე.  ჩემს მშობლებს ჩემამდე 4 ვაჟიშვილი გარდაეცვალათ. მე მეხუთე და ნანატრი შვილი ვიყავი, ამიტომ განსაკუთრებული ხელშეწყობა მქონდა. ნებისმიერ სურვილს მისრულებდა მამა. ბებია რუსული ენის პედაგოგი იყო და ძალიან უყვარდა წიგნები. ჩემს წარმატებებში ხშირად ვხედავ ხოლმე ბებოს წვლილს და დღემდე მადლობელი ვარ მისი. პაპა სიმღერის  მასწავლებელი იყო. ჩვენს ოჯახში ხშორად იშლებოდა სუფრა, რომელსაც ალამაზებდა ქართული ფოლკლორი – კარგად მღეროდნენ ჩემი მამიდებიც, ბებოც. პაპამ მეც მასწავლა რამდენიმე ხალხური სიმღერა. თუნდაც სიმღერას   „შაშვნი-კაკაბნი“ მასთან ერთად ვასრულებდი ხოლმე.
ერთხელ, ვაქირში კონსერვატორიიდან სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რამდენიმე ვაქირელი მომღერალი შეკრიბეს და მათი ნამღერი ხალხური სიმღერები ჩაიწერეს. როცა პაპა გარდაიცვალა, ეს ჩანაწერი მოვიძიე და გადავწერე. მინდა, რომ პაპას სახელობის მარანში შემოსულ ყველა სტუმარს მოვასმენინო იმ კაცის სიმღერა, ვინც ააშენა ეს ლამაზი მარანი.
–  რატომ გადაწყვიტე ჟურნალისტობა?
– გაგიკვირდებათ და, ჟურნალისტობა არასდროს მდომებია, ყოველთვის ექიმობა მინდოდა, 5 წელი ვაბარებდი სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ ყოველ წელს მაკლდებოდა ქულა და ვერ ვირიცხებოდი. იმ პერიოდში საჭირო იყო სამუშაო სტაჟიც და ამის გამო, ვაქირის კოლმეურნეობაში დავიწყე მუშაობა. 16 წლის ვიყავი, კოლმეურნეობის ვენახი რომ გავიპიროვნე და ვუვლიდი.
ცხადია, მშობლებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ ახლად სკოლადამთავრებული, დედისერთა გოგოსთვის ეს არ იყო ადვილი. რასაც ახლა გეტყვით, ფართო საზოგადოების წინაშე არასდროს მომიყოლია, ბევრმა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამაც კი არ იცის ეს ამბავი.
სანამ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხებოდი, კოლმეურნეობაში ტრაქტორზეც  და კომბაინზეც ვიმუშავე. ტრაქტორზე ვაზის საწამლი აპარატი მქონდა დამონტაჟებული და ვენახებს ვწამლიდი.
პატარა, წითელი ტრაქტორი მქონდა და მეც პატარა და სიფრიფანა გოგო ვიყავი. ვმუშაობდი ჰექტრობით ზვრებში – სიცხეში, ბალახებში, ხშირად მარტო. ცხადია, ყოველთვის ისე არ იყო,  ფილმებში რომ არის ლამაზი ფერებით დახატული. შრომის დროს შექმნილი პრობლემების გამო ბევრჯერ მიტირია კიდეც და ჩემი თავი დამიტუქსავს, რა მაკლია, ასე რატომ ვწვალობ- მეთქი?
მაშინ სამედიცინო ინსტიტუტს მოსამზადებელი ფაკულტეტიც ჰქონდა, სადაც სტაჟთან ერთად დამსახურებებიც იყო საჭირო, ანუ ჯილდოები, რომლის მიღებაც არ იყო ადვილი. სწორედ ამის გამო ორი წელი დიდ, წითელ კომბაინზეც ვიმუშავე და ალაზნის ველზე თაკარა მზის გულზე  ვიღებდი ქერს, ხორბალს, მზესუმზირას. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამამ მანქანის მართვა მასწავლა და ეს ცოდნა გამომადგა. ვინც იგებდა, რომ ვაქირის კოლმეურნეობაში კომბაინერი გოგო იყო, ვერ იჯერებდა და სანახავად მოდიოდა. ერთხელ, გაგანია მოსავლის აღების დროს,  ჟურნალისტი ბონდო გულიაშვილი მოვიდა მინდორში. მამაკაცებმა უთხრეს, ჩვენ რას გვეკითხები და გვიღებ ფოტოებს, აგერ, გოგოა კომბაინერი და ის გადაიღეო. არ დაიჯერა და კომბაინზე ამოვიდა. უნდოდა, თავისი თვალით ენახა, როგორ ვმუშაობდი. მერე დაწერა სტატია, რომელშიც ჩემ გამო საკუთარი გაოცება არ დაუმალავს. როდესაც ჟურნალისტი გავხდი, მე და ბონდოს, ერთად მოგვიხდა მუშაობა და მაშინაც ვერ დაიჯერა, რომ ის ნელი მე ვიყავი.
მოკლედ, ჩემი გაჟურნალისტება სპონტანურად მოხდა. მოცალეობის ჟამს, მუშაობისა და სწავლის შემდეგ, ჩანახატებს, პატარა სტატიებს ვწერდი და რაიონულ გაზეთ „კოლმეურნეში“ ვბეჭდავდი. იქ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მირჩია, რატომ იკლავ თავს ექიმობისთვის, შენ საუკეთესო ჟურნალისტი იქნებიო. ჰოდა, მეც მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. იმავე წელს ჩავირიცხე.
  რა იყო საინტერესო სტუდენტობიდან?
– იმდენ ხანს ვიყავი აბიტურიენტი, სტუდენტობა აუსრულებელი ოცნება მეგონა. ჩემს ფაკულტეტზე სწავლა საინტერესო იყო. განსაკუთრებით პრაქტიკული მეცდინეობები მომწონდა. ერთ წელიწადს გაზეთ ,,თბილისში“ მქონდა პრაქტიკა. მაშინ ,,თბილისის“ რედაქტორი მწერალი ნარგიზა მგელაძე იყო. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სტუდენტებისადმი და ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევდა. ხალისიანად დავრბოდით მასალების მოსაგროვებლად. თითქმის ყველა წერილი გამომიქვეყნა ქალბატონმა ნარგიზამ. ცხადია, მიხაროდა. ეს ის ასაკი იყო, როცა შენი გვარ-სახელის გამოჩენა გაზეთის ფურცლებზე აღმაფრენით უყურებ. დავფრინავდი და თავი ყოვლისშემძლე მეგონა.
აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება გქონდათ. ალიასა“  და ,,კვირის ქრონიკაშიხშირად აქვეყნებდით კრიტიკულ წერილებს
– 1993 წლის შემდეგ დღემდე მრავალი გაზეთისა და ჟურნალის რედაქციაში ვიმუშავე. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ცუდი იყო. მე ამ მედიასაშუალებებში გავიზარდე, როგორც ჟურნალისტი და თითოეული მათგანის სარედაქციო კოლეგიის მადლობელი ვარ. მაინც გამოვყოფ ჟურნალ ,,სარკეში“ და გაზეთ „ალია-ჰოლდინგში“ გატარებულ წლებს. ყველაზე დიდი პერიოდი სწორედ ამ მედიასაშუალებებში გავატარე. „ალიასა“ და ,,კვირის ქრონიკაში“ ვწერდი კრიტიკულ წერილებს სამედიცინო თემატიკასა და პოლიტიკაზე.  ეს ის პერიოდი იყო, როცა ხელისუფლებაში ნაციონალები იყვნენ, ოპოზიცია კი ქუჩაში აქციებსა და მიტინგებს აწყობს მათი გადადგომის მოთხოვნით.
მოკლედ, პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდში მომიხდა შემტევი ხასიათის გაზეთში მუშაობა. ისეთი შემტევი გავხდი, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი – თვალსა და ხელს შორის ნამდვილ „ალიელად“ ვიქეცი, რაც გამოიხატებოდა სიმართლის წერაში, უშიშრობაში, უკანდაუხევლობასა და ბრძოლაში კალმით, დიქტოფონით, ფოტოაპარატით.  ბევრი საინტერესო ფაქტის გახსენება შემიძლია ამ პერიოდიდან.
2007 წლის 7 ნოემბერს მოვლენების ეპიცენტრში იყავით
– 2007 წლის 7 ნოემბერს, მართლაც,  მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი.   წინა დღეებში ყოველდღე მივდიოდი აქციებზე პარლამენტის წინ და  რაც იქ ხდებოდა, გაზეთში ვაშუქებდი. აქციის თითქმის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორთან ვმეგობრობდი. 7-ში, დარბევა რომ დაიწყეს, დამირეკეს, სასწრფოდ მოდი, გვხოცავენო და მეც გავიქეცი. კოლმეურნეობის მოედანთან მანქანების კოლონა დამხვდა, რომლებიც აპირებდნენ ქალაქის შემოვლას და ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე. პირველივე მანქანაში მომიწია ჩაჯდომა და ამ მანქანით, რუსთაველის მხრიდან კონსერვატორიასთან მოსვლა.
ირგვლივ გაზის სუნი იდგა, აქციის ორგანიზატორები სახეზე სოდამიყრილები მორბოდნენ. მე და ჩემი ჟურნალისტი მეგობარი კი სოდით ხელში, რუსთაველისკენ მივიწევდით, საიდანაც ისმოდა ღრიალისა და სროლის ხმა. დროდადრო პატარა მაღაზიას ვაფარებდით თავს, რათა კარგად ჩაგვესუნთქა სუფთა ჰაერი და არ გავგუდულიყავით. სწორედ სოდით გადავარჩინეთ უცხოელი კოლეგა, რომელიც რუსთაველის მხრიდან მორბოდა და მოულოდნელად, ჩვენ წინ დაეცა.  არ დამავიწყდება, როგორ შემოვარდა მაღაზიაში გონდაკარგული ბავშვით ხელში მამა და – მიშველეთ, შვილი მიკვდებაო,- ღრიალებდა. ცხადია, რიყეზეც ვიყავით და პირველებმა სწორედ ჩვენ დავინახეთ, როგორ მორბოდა ბარათაშვილის ხიდზე შეიარაღებული „რობოკოპების“ მთელი არმია. ის ყვირილი და ქაოსი, რაც იქ ხდებოდა, არასდროს დამავიწყდება.
ერთ საინტერესო ამბავსაც მოგიყვებით 7 ნოემბრის მოვლენებიდან. გაზით მოწამლული რიყედან რედაქციაში მივედი და რეპორტაჟის წერა დავიწყე. როდესაც მოვრჩი, გადავწყვიტე, სახლის ნაცვლად ჩემს ჟურნალისტ მეგოიბრებთან წავსულიყავი და საკუთარი თავი იმ კოშმარიდან გამომეყვანა, რომელშიც მომიწია ყოფნა. მათი მეშვეობით მოვხვდი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის ოჯახში. ბატონი შალვას  მეუღლე, ბელა ალანია ძალიან შეწუხებული იყო მეუღლის ბედით, რადგან ოპოზიციური პარტიის იმ ლიდერებზე, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ, დევნა გამოცხადდა.
ჩემი მისვლიდან რამდენიმე წუთში ნათელაშვილის დაცვის ერთ-ერთმა  წევრმა გვითხრა, მომაწოდეს ინფორმაცია, რამდენიმე წუთში აქ სპეცრაზმი შემოვარდება და სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ თბილისს ქალბატონი ბელა და ბავშვებიო. ბატონი შალვას ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. ისეთ ადგილზე უნდოდათ მათი წაყვანა, სადაც მათ ყოფნას ვერავინ წარმოიდგენდა. ასეთი აღმოჩნდა ჩემი სოფელი კახეთში და რამდენიმე საათში მანქანის ჩამქრალი ფარებითა და გამორთული ტელეფონებით მივადექით კიდეც კახეთში ჩემს სახლს. მაშინ იქ   ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ.
ქალბატონი ბელა და მისი შვილები სწორედ ჩემს სახლში იმალებოდნენ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, მე კი თბილისში ვიყავი და იმის გამო, რომ მათი ადგილსამყოფელი არავის გაეგო, მშობლებთან ვერც კი ვრეკავდი.
თითქმის ყველა  წამყვან ბეჭდურ მედიასაშუალებაში მუშაობდით… სხვაც გექნებათ გასახსენებელი…
– ძალიან ამაყი ხარ, როდესაც დგახარ სიმართლის სადარაჯოზე და, როგორც შეგიძლია, ისე იბრძვი უკეთესი მომავლისთვის. ძალიან მწყინს, როცა ჟურნალისტზე წერენ ცუდს, ამუნათებენ.  ეს ურთულესი საქმეა, სადაც  წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ „ჟურნალისტური ჟილკა“ არ გაქვს. თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასე თუ ისე, ეს „ჟილკა“ აღმომაჩნდა და შევძელი, თითქმის ყველა ბეჭდურ, წამყვან მედიასაშუალებაში ისე მემუშავა, რომ მკითხველს ჩემი გვარ-სახელი დამახსოვრებოდა. ახლაც ხშირად მეუბნებიან, შენ ხომ ჟურნალისტი ხარ, „სარკეში“, „ალიაში“ ვკითხულობდით შენს წერილებსო.
ერთხელაც, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე ჩემ თვალწინ დააკავეს. მის კაბინეტთან ვიყავი მისული ინტერვიუს ჩასაწერად, როცა იქ  კუდის ცნობილი უფროსი თოფურია მოვარდა და  ჯანდაცვის მაღალჩინოსანს ხელებზე ბორკილები დაადო. ადამიანურად განვიცადე ეს მდგომარეობა. შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს და არცერთ ჟურნალისტს არ უშვებდნენ შიგნით. მე და ჩემი ფოტოკორესპონდენტი კი ვერანაირად ვერ გამოგვაძევეს,  იქ ბოლომდე დავრჩით  და ექსკლუზიური კადრები და რეპორტაჟი მივიტანეთ რედაქციაში.
 ბოლო ხანს სოფელში გადახვედით. საოჯახო სასტუმროთომა პაპას მარანიგაქვთ. დროებით,  მაგრამ მაინც ჰგავს პროფესიის შეცვლას
– დიახ, ახლა მე სრულად სხვა სფეროში ვცდი ბედს. შიდა ტურიზმი ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან მიყვარს ხეტიალი, ექსკურსიები, ისტორიული ძეგლებისა და ადგილების მონახულება…
„ალიაში“ მუშაობის დაწყებამდე შპს დავაფუძნე და შიდა ტურებს ვაწყობდი ქართველებისთვის – ვაცნობდი საქართველოს ისეთ ადგილებს, რომელიც არ ენახათ და ბევრი არაფერი გაეგოთ მასზე. გიდობაც მე მქონდა შეთავსებული და ტურების ორგანიზებაც. ისტორიულ წყაროებში ვეძებდი საინტერესო დეტალებს და ტურის მონაწილეებს ვუყვებოდი, მაგრამ ,,ალიაში“ მუშაობის ფორმატმა ამ საქმის გაგრძელების საშულება არ მომცა.
მართალია პროფესია კი შევიცვალე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითად პროფესიაზე საერთოდ ვთქვი უარი.  საინფორმაციო სააგენტო euronews.ge, რომლის დამფუძნებელი და რედაქტორიც გახლავართ, ძველებურ რეჟიმში მუშაობს და მე ამას ვახერხებ. ინტერნეტმედიის უპირატესობა ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს შენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, მთავარია, გქონდეს საინტერესო ინფორმაცია და გქონდეს ინტერნეტი. მე ეს კომფორტი ვაქირშიც მოვიწყე.
როგორ დაიბადა მარნის იდეა  და რით იქნება განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული?
– გასულ წელს მამა გარდაიცვალა და სოფელში გადაბარგება  დედის მიმართ პასუხიმგებლობამ გადამაწყვეტინა. კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მაქვს დიდი სახლი, სადაც არის პაპის აშენებული ძველი მარანი ქვევრებით. არ ვიცი, საიდან მომიფრინდა ეს აზრი, რომ სახლისთვის ტურისტული დატვირთვა მიმეცა, მაგრამ იდეა ოჯახის წევრებმა მომიწონეს და დახმარებაც აღმითქვეს. ამის მერე გავყიდე ისეთი ქონება, რომლის მოვლა-პატრონობასაც ამ ეტაპზე ვერ შევძლებდი და ამ ფულით დავიწყე სახლის რესტავრაცია. ერთი წელია ვაშენებ, ვალამაზებ და, მგონი, მივედი ფინიშამდე. სოფლის სახლის ტიპის  საოჯახო სასტუმროსა და მარნისთვის სახელის დარქმევაზეც ბევრი არ მიფიქრია.  ასე მგონია, ჩემს სახლს სულ „თომა პაპას მარანი“ ერქვა.
ვცდილობ, „თომა პაპას მარანს“ ისეთი დეტალები შევმატო, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესოს გახდის. იცით, როგორ ვფიქრობ, მე რომ ვიყო სტუმარი, რა მომეწონებოდა და რა არა.
პირველი სტუმრები ბელორუსიიდან მყავდნენ – ექიმი ცოლ-ქმარი, ძალიან საინტერესო და საყვარელი ხალხი. ერთ დღეს ჩემი მანქანით მოვატარე კახეთი და ძალიან დავმეგობრდით. მათ ძალიან მოეწონათ ალაზნის ველის ხედები ჩემი აივნიდან. კავკასიონის მთებს აკვირდებოდნენ და მითხრეს, რომ ყოველდღიურად კავკასიონის ქედი ფერს იცვლის. მოეწონათ ჩემი ყვავილების ბაღი, ტრადიციული კერძები, რომლებსაც ჩემი კარის მეზობელი ქალბატონი ამზადებს. სამდღიანი ტური იყო და ერთ დღეს ქართული ქეიფი მოვუწყე- ხალხური სიმღერებით და ნათესავებით. გადაირივნენ. ქართველი კაცების უკიდეგანო დათრობას კახური ქვევრის ღვინით და მათ ღრიანცელსაც გაგებით შეხვდნენ. საღამოს საათობით ისხდნენ აივანზე და ალაზნის ველზე  აკივლებული ტურების ხმებს ისმენდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მარანში ერთი ისეთი რამე მაქვს, რომ მხოლოდ ამით მივიზიდავ ტურისტს. „თომა პაპას მარანი“ კომპლექსშია მოსაწონი. რამდენიმე დღეში მზად იქნება ქვევრების დარბაზი და მისი მიმდებარე, საქეიფო, საშუალო ზომის დარბაზი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. არანაირი კოსმეტიკა არ გამოგვიყენებია. კედლებს ჩამოვაცილეთ დამცავი ფენა და დავტოვეთ ქვა და აგური, ხის კარებებს კი საღებავი მოვაცილეთ. რაც დარჩა, არის შესანიშნავი და ძველებური. ხის ძველი ავეჯიც, რომელსაც ამ დარბაზებში დავდგამ, ოჯახში უკვე მოვიძიე.
ჩემი მარნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუმარს ვაცნობ კახეთის, ჩემი სოფლის ისეთ ისტორიებს, რომლებიც, ხშირად, გიდებმაც არ იციან. ცხადია, ამ ისტორიების მოპოვება და მისი თავმოყრა  მე მიხდება და, მიუხედავად ბევრი საქმისა, ამისთვისაც ვპოულობ დროს. ახალ-ახალი ისტორიებით თითქმის ყველა სტუმარი ინტერესდება. მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი რამ შევიტყო ჩემს სოფელზე და ზოგადად ამ მხარეზე.
ვაქირს აქვს პოტენციალი, ტურისტულ ადგილად ჩამოყალიბდეს. მინდა, ამაში წვლილი მეც შევიტანო. გვაქვს მე-6 საუკუნის ტაძრები, რომლებთანაც დაკავშირებულია საინტერესო ისტორიული ფაქტები.  ასე, რომ „თომა პაპას მარანი“ არ არის მხოლოდ კვების, გართობისა და დასვენების ობიექტი, აქ ადამიანებს შეუძლიათ, შემეცნებითი და საგანმანათლებლო მასტერკლასებშიც მიიღონ მონაწილეობა, რომლის საფასურსაც ჩვენ არ ვითხოვთ.
  როგორ იზიდავთ ტურისტებს და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რამდენად მოახდინა გავლენა რუსი ტურისტების ჩამოსვლაზე?
– ამ ეტაპზე მარკეტინგის კუთხით მუშაობა არ დაგვიწყია, რადგან  დარბაზების რესტავრირების დასრულებას ველოდებოდით. ტურისტი აქამდე გიდებს მოჰყავდათ. ფეისბუქზე გვაქვს გვერდი: Toma papas marani – თომა პაპას მარანი, სადაც ვაქვეყნებთ საინტერესო ინფორმაციებს. მას გიდებიც ეცნობიან და გვიკავშირდებიან. მინდა, რომ უცხოელი ტურისტების გარდა, ჩემს  მარანს ქართველებიც ესტუმრონ. ლამაზ გარემოში, ქვევრების პირას აღნიშნონ დაბადების დღეები, წვეულებები მოაწყონ ან უბრალოდ, ქალაქის ქაოსს მოსწყდნენ და დასვენების დღეები გაილამაზონ ჩვენთან ერთად. ამისათვის კი გვაქვს ლამაზი ბაღი, ხედები, სიმშვიდე, საქანელები… შესაძლებელია ღამით დარჩენა ოჯახურ ნომრებში.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ცხადია, მოახდინა გავლენა საქართველოს ტურისტულ ამინდზე. მეც მოვერიდები იმ  ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლას, სადაც  არის არასტაბილური გარემო. სამწუხაროდ, დიდი ხანია, ჩვენ ხის სწორედ იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ. ქართველებში ემოცია სჭარბობს და ეს სიახლე არ არის. სჯობდა, პრაგმატოლობას ეჯობნა  ემოციისთვის.
როგორც ჟურნალისტი, როგორ შეაფასებდით ამ ბოლო პოლიტიკურ მოვლენებს?
– რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე ვერავინ დავობს, რადგან სახეზე გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, მცოცავი მავთულხლართები, რომლის იქითაც დატყვევებულია ქართული მიწა, მაგრამ ეს არის რუსული პოლიტიკის შედეგი, პოლიტიკას კი რიგითი ხალხი არ ქმნის. აქედან გამომდინარე, რუსეთთან და რუსებთან  ურთიერთობის საერთოდ გაწყვეტა, ტურისტების დევნა, ცემა-ტყეპა გადაჭარბებულად და ქართველებისთვის შეუფერებლად მეჩვენება. ჩემთან მოსული ყველა ტურისტი მეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამო გადაწყვიტეს და ეს სტატუსი არ უნდა გავანადგუროთ.
დიპლომატიაა საჭირო და აუცილებელი ყველა სახის ურთიერთობის დროს.  ანდაზაც ხომ გვაქვს: გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილი მოუბარიო და გამოდის, რომ სიბრძნეზეც უარს ვამბობთ. რუსეთთან ომებიც ხომ ვნახეთ და მოვიმკეთ არაერთხელ და ახლა იქნებ ტაქტიკა შეგვეცვალა, დიპლომატიურად  გვეცადა მასთან ურთიერთობა?
რა არის სოფლად გლეხის უწინარესი პრობლემა? რატომ რჩება ლოზუნგად სიტყვებიხალხი, სამშობლო პატრიოტიზმი?
–  სამწუხარო რამ უნდა გითხრათ, სოფლების დაცლის პროცესი გრძელდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ გლეხი, მეურნე კაცი ბედის ანაბარა არის დარჩენილი, ხელისუფლება ხელს არ უწყობს მშრომელ ადამიანს შრომით პროცესებში და მერე, მოწეულის რეალიზაციაში. გლეხების ნათქვამს გეტყვით, მთავრობას და პოლიტიკოსებს მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით, მათ მხოლოდ ჩვენი ხმები სჭირდებათო. ჩემი თვალითაც ვხედავ, რომ ნამდვილად ასეა. თავად მეც რამდენჯერმე დავდექი ისეთი პრობლემების წინაშე, რომ არა ჩემი პროფესია და შემართება, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი. თანასოფლელები, რომლებსაც პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლება არ, თუ ვერ ეხმარება, ზოგჯერ მე მაკითხავენ და დახმარებას მთხოვენ. მეც ვცდილობ, ჩემი ჟურნალისტური მანქანა ავამუშავო, კოლეგები ჩავრთო და ინფორმაციული ზეწოლით ვაიძულო მავანი, რომ მიხედოს ხალხს,  შეასრულონ ვალდებულება, რომელიც მათ  წინაშე აქვთ დაკისრებული. მეგონა სოფელში ამ მხრივ დავისვენებდი, მაგრამ ბრძოლა არც აქ მაკლია…
  ამას წინათ ფეისბუქზე მეგობრებს სთხოვდი, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინების გაგზავნას. როგორ გამოეხმაურნენ მეგობრები ამ თხოვნას და კიდევ რა ნივთებით გაქვს მარანი გაწყობილი?
– ძალიან ბევრი ძველი ნივთი აღმოვაჩინე ჩემს სახლში და აივანზე შევქმენი საკმაოდ ლამაზი დეკორაცია. ამ ნივთებს ჩემი წინაპრები იყენებდნენ და მათდამი გარკვეული სიყვარული მაკავშირებს. ვიპოვე ბებიაჩემის პაპა-ბებიის ფოტოც, სადაც ეს ადამიანები ძველებური ქართული სამოსით არიან წარმოდგენილნი. ამ ფოტოს მიხედვით შევქმენით ჩარჩო, რომელთანაც ტურისტები ფოტოებს იღებენ და ჩემს დიდი წინაპრებს ემსგავსებიან. ყველა ძველებური ნივთი  გამოვიყენე აივნის გასალამაზებლად – კარადის ფანჯარა, მაგიდა, ჩემოდანი, ტანსაცმლის ჩამოსაკიდი, ტახტი, ჭიქები…
ამჟამად ბებიაჩემის ნაჩუქარი პიანინოს რესტავრაციას ვაკეთებ ჩემი ხელით – შავად უნდა შევღებო და ბულბულები დავახატო.
როდესაც რაიმეს გაკეთება მინდა, რამდენიმე დღე ვფიქრობ, მერე წარმოვიდგენ და თუ ჩემს გემოვნებას პასუხობს, ვიწყებ შრომას. დიზაინერი არ მყოლია, ყველაფერს ჩემი ხედვითა და გემოვნებით ვაკეთებ, გასაკეთებელი კი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს.
ძალიან მინდა, ჩემთან მოსულმა სტუმარმა აქ ქართული, ეროვნული სული იგრძნოს და დაინახოს. პირველივე სტუმარს ქართული დროშით დავხვდი, რომელიც ერთმა კეთილმა ფეისბუქმეგობარმა რუსთავიდან სამარშუტო ტაქსით გამომიგზავნა.  ეროვნულ სამოსს ვაგროვებ, რომ სტუმრებს ამ სამოსით გადავუღო ფოტოები და ამ ფორმითაც ხშირად გავახსნო საქართველო და „თომა პაპას მარანი“.
ამჯერად დარბაზების გაფორმება მომიწევს და გადაწყვეტილი მაქვს, ეროვნულფორმიანი თოჯინებით და ქართული სამოსით – ქუდებით, აქსესუარებითა და ძველებური ფოტოებით მოვრთო. თუ ამაში მეგობრები დამეხმარებიან, ცუდი ნამდვილად არ იქნება. ზოგი შემპირდა, ზოგიც ალბათ ვერ მიხვდა, რა დატვირთვა ექნება მათ ნაჩუქარ თოჯინებს, ჩემს ახირებად ჩათვალა და არ გამომხმაურებია, მაგრამ მე ისეთი მეგობრები მყავს, როცა გაიგებენ და მიხვდებიან, რისთვის მჭირდება ასეთი თოჯინები, აუცილებლად დამიდგებიან გვერდში.
  მახსოვს შენი გულისტკივილიანი პოსტები ვენახზერომ გააუფასურეს ყურძენი და გლეხის შრომა
– სამწუხაროდ, უკვე ათწლეულებია, ვაზი, ვენახი, ყურძენი და რთველი გლეხისთვის ქორწილი აღარ არის და მხოლოდ ნერვიულობის საგანია. შრომობენ, წვალობენ, იხარჯებიან, მაგრამ სათანადო შედეგს ვერ  იღებენ. რეალიზაციის პროცესი რთულია და ნაკლებად მომგებიანი. სწორედ ამიტომ დაიცალა სოფლები. ახალგაზრდობა  ქალაქში გარბის. მიტოვებული სახლები ისე საცოდავად გამოიყურება, აგეტირება.  სოფელში 50 წელს გადაცილებული ადამიანებს და ბავშვებს თუ შეხვდებით.
სოფელს დახმარება, გულიანი და მზრუნველი ჭირისუფალი სჭირდება, მაგრამ ასეთები არ სჩანან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პირდაპირ ასახვას ჰპოვებს მათზე შემოდგომით, რთვლის პერიოდში. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო ყურძნის ფასი კვლავ დაეცემა, რითაც, პირველ რიგში ისინი დაზარალდებიან. ასე, რომ კახელი გლეხები შემოდგომას შიშით ელოდებიან.
ვაქირში არის ილო მოსაშვილის, ალექსანდრე გზირიშვილის, ვასო გოძიაშვილის სახლმუზეუმებიეს მუზეუმები ტურიზმის მარშრუტში არის? იმისთვის, რომ ახალგაზრდობა დამაგრდეს სოფლად, კულტურული ღონისძიებები აუცილებელია, ასევე კულტურული კერები უნდა აღდგეს, აქტიური კულტურული ცხოვრება დაიწყოსრაც ტურიზმს პირდაპირ უკავშირდება
– ეს ვრცელი თემაა. როდესაც სოფელში ჩამოვედი და ტურიზმის მიმართულებით დავინტერესედი, მივაკითხე ჩემი სოფლის მუზეუმებს. ვფიქრობდი, რომ ტურისტულ მარშრუტში ჩავრთავდი და სოფლის პოპულარიზაციისთვის გამოვიყენებდი. ფაქტობრივად, მუზეუმები და იქ არსებული ექსპონატები განადგურებულია. თუმცა ყველა მუზეუმს ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი და ცხადია, მუნიციპალიტეტშიც არსებობს ზემდგომი სტრუქტურა. სულ ვიმუქრები, მოვიცლი თქვენთვის- მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევასრულე. თუ დაინტერესდებით, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, რა ხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებულ მუზეუმებთან დაკავშირებით.
როდის დაუბრუნდება ინტერნეტსივრცეს საიტიფოსტალიონი“?
– საინფორმაციო სააგენტო ,,ფოსტალიონი“ ჩემი და ჩემი მეგობრის, ნუცა დუჩიძის პირველი სიტყვა იყო ელექტრონულ მედიაში. ერთობლივად დავაარსეთ ეს სააგენტო, რომელმაც რამდენიმე წელი იმუშავა, შემდეგ ცალ-ცალკე ჩამოვაყალიბეთ სააგენტოები. ამჟამად euronews.ge -ს დამფუძნებელი და რედქტორი ვარ. ჟურნალისტურ ჟინს ამჯერად აქ ვიკლავ, თუმცა გადაწყვეტილი მაქვს, სხვა მედიასაშუალებებთანაც ვითანამშრომლო, როგორც მათი საკუთარი რეპორტიორი კახეთში.
  ჰობი
– დიდი ხანია ჩემი ჰობი მანქანაა. სტრესისგან ვიცლები, როცა საჭესთან ვზივარ და მივქრივარ, საკმარისია ორი-სამი დღე მანქანით გასეირნება არ მოვუწყო საკუთარ თავს, რომ ცუდად ვარ.
  ოჯახი
– მყავს ვაჟიშვილი, რომელიც არის დეველოპერი. აქვს საკუთარი კომპანია, სადაც ამზადებენ საიტებს, ბანერებს, რეკლამირებაში ეხმარებიან ფირმებს, ადამიანებს.  რძალი უცხო ენების სპეციალისტია და მეუღლის კომპანიაში მუშაობს. პატარა საბუკაც მყავს, გენიოსი ბიჭი, რომელმაც 2 წლის ასაკში იცოდა ქართული ანბანი. ახლა 4 წლისაა და თავისუფლად წერს, კითხულობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ძალით არავის უწავლებია ეს ყველაფერი, თავად ითხოვდა, მამეცადინეთო. საოცარი ბავშვია. დიდი ადამიანივით შეგიძლია ესაუბრო. ზოგჯერ ჩამჭრელ კითხვებსაც მისვამს და არ ვიცი ხოლმე, რა ვუპასუხო.
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი გეგმები ამჯერად „,თომა პაპას მარანს“ და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ჯერ კიდევ იდეის დონეზე იყო „თომა პაპას მარანი“, როცა გადავწყვიტე, ეზოში მომეწყო ადგილი, სადაც შეიკრიბებოდნენ ახალგაზრდები, პოეტები, მწერლები, მომღერლები, ან უბრალოდ მეგობრები, ღამით აანთებდნენ კოცონს და ისაუბრებდნენ, ლექსებს წაიკითხავდნენ, დაუკრავდნენ გიტარას, იმღერებდნენ. მათ სასმისებით მივართმევდი ჩემი ხელით დაწურულ ქვევრის ღვინოს და ჩურჩხელას, ჩირს, ნუგბარს, გავუმასპინძლდებოდი სხვადასხვა არომატის ჩაით და ტკბილეულით.
ტური „ერთი ღამე კოცონთან“ „თომა პაპას მარანში“ აუცილებლად შედგება. გეგმაში მაქვს, რომ შემოდგომიდან ჩურჩხელების წარმოებაც დავიწყო. უკვე ვამზადებ ჩირებს, მურაბებს, ვახმობ ჩემს მოყვანილ მწვანილს და ვამზადებ სუნელებს… საქმე იმდენია, ვფიქრობ შრომითი ტურებიც დავგეგმო – აი, რომ ჩამოვა ტურისტი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მომეხმარება. ასეთი ტურებიც არ იქნება ურიგო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები