ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური: რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების აკრძალვაზე უსაფუძვლო და შეუსაბამოა
“27 ივლისს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის და ისინი უნდა მოიხსნას”, – ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის უწყება, საგარეო საქმეთ სამსახურის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში.
განცხადებაში, ასევე, ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ რუსეთი მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება შეუსაბამო და უსაფუძვლოა.
“რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ქმნის რისკს, იქონიონ ნეგატიური გავლენა ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, 8 ივლისიდან აკრძალოს ფრენები საქართველოში.
ამასთან, 27 ივლისს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულად აისახება გადაადგილების თავისუფლებაზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის. ისინი უნდა მოიხსნას დამატებითი ჰუმანიტარული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღეს დაწყებული რაუნდი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტიანად დაძაბულობის შესამცირებლად და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირი კვლავ ძლიერად უჭერს მხარს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებას.
ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.