ანქვაბი: ხაჯინბას მოსვლა აფხაზეთისთვის დასასრულის დასაწყისია (ვიდეო)

აფხაზეთში ანქვაბის გადადგომის შესახებ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ კვირას დილით გამოაცხადეს.
,,ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ ,,ამცახარასთან“ (ანქვაბის მომხრე ვეტერანთა მოძრაობა) და გამოვნახეთ საერთო ენა. ამის შემდეგ გარი სამანბამ დაურეკა პრეზიდენტს და ჩვენი მოლაპარაკების შედეგები აცნობა. ანქვაბმა განაცხადა: ,,რადგან აღარ მაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა, ვეღარ დავრჩები ჩემს პოსტზე“. მან ტელევიზიით გამოსვლა მოითხოვა, ,,რათა განცხადება გაეკეთებინა“, – აღნიშნა ვიტალი გაბნიამ.
უკვე ყოფილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ტექსტი ძალიან მკაცრი იყო. მან განაცხადა, რომ ქვეყანას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
,,ჩემთვის, როგორც ქვეყნის მეთაურისთვის, რომელიც ხალხის ბედზე არის პასუხისმგებელი, როგორც კანონერად არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც მოქალაქეები ენდნენ და ანდეს საკუთარი და შვილების სიცოცხლე, ყველაზე მთავარი იყო და იქნება მხოლოდ ერთი – სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება, და ის, რომ სისხლი არ დაიღვაროს. შექმნილ სიტუაციაში კი ამის ალბათობა ძალიან დიდია – ხელისუფლებისთვის იბრძვის ძალა, რომელიც არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს და მზად არიან, თავის ამბიციებს თავისივე ქვეყნის მოქალაქეთა სიცოცხლე შესწირონ. რაც მთავარია, აფხაზი ხალხის მთავარი მონაპოვარი, – აფხაზეთის თავისუფლება შესწირონ“, – განაცხადა ანქვაბმა.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ,,შემრიგებლური“ ხასიათის მოლაპარაკებები არ ყოფილა. ყველა თავის აზრზე დარჩა, დე ფაქტო პრეზიდენტს კი სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
,,შემიძლია დავამატო: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტზე თავდასხმის უკან დგანან ძალები, რომლებიც ოპოზიციას სულიერადაც და მატერიალურადაც აქტიურად უჭერენ მხარს. სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ამოცანა ტერორისტების საქმეზე დაკავებულთა გათავისუფლება იყო. ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის აღების დროს ანქვაბის ფიზიკური განადგურებაც იგეგმებოდა“, – განაცხადა ანქვაბმა, რომელიც ე.წ. ხელისუფლების სათავეში მოსულ პოლიტიკურ ჯგუფს ადანაშაულებს.
„უკიდურესად აუცილებელია გამძლეობა და ის, რომ პროვოკაციებს არ ავყვეთ. აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროა ქვეყანა კატასტოფისგან ვიხსნათ და ყველას, ვინც ამ კრიტიკულ დროს თავისი დამოკიდებულება გამოხატა, მოვუწოდებ, საერთო შეკრებებისგან თავი შეიკავონ. დარწმუნებული ვარ, გაგებით მოეკიდებით ჩემს პოზიციას და რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს თქვენთვის, დაეთანხმებით მას“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს არის დანიშნული. აფხაზეთს ცხელი ზაფხული ელოდება. დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ზაფხულის ბოლოს უკვე მზად იქნება ქვეყნის მართვის სისტემის რეფორმების პაკეტი, რათა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს განუსაზღვრელი უფლებამოსილება, როგორსაც სამივე წინა ე.წ. პრეზიდენტი ფლობდა. თუმცა ჯერჯერობით ძნელია იმის განსაზღვრა, როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია და არა მისი მოვალეობის შემსრულებელს.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციას სურს, შექმნას ახალი სისტემა ახალი სახეებით. აფხაზეთის მძიმეწონიანი პოლიტიკოსები უდავოდ იქონიებენ გავლენას მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელიც სავარძლებისთვის იბრძოდა. მაგრამ ახლა საინტერესო არა მარტო უახლოესი მომავლის პრობლემები, არამედ უახლესი ისტორიის საკითხებიც არის. რატომ მოხდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელიც არარევოლუციურ სიტუაციაში მთელს ძალაუფლებას ფლობდა და ძალოვან ორგანოებს აკონტროლებდა, ოპოზიციასთან პირველივე ომი წააგო? ერთი მხრივ, ანქვაბმა უგულებელყო ოპოზიციის ყველა წინადადება რეფორმებზე და კოალიციური კაბინეტის შექმნაზე. ეს არასწორი იყო, თუმცა ის საკუთარი ძალის დემონსტრირებას აჩვენებდა. მაგრამ ,,განაჩენის“ დროს იგი მომხრეების გარეშე, სრულიად მარტო დარჩა.
„ადვილი არ იქნება პასუხის მოძებნა კითხვაზე, ასეთი ძლიერი ხასიათის, ნებისყოფის ქარიზმის და კულუარული თამაშების უნარების მქონე ადამიანმა როგორ დაუშვა ასეთი დასასრული…“, – ამ კითხვას დღეს არაერთი უცხოური მედიასაშუალება სვამს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=WWJg9_YRkiE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები