აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ​საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში თემაზე – „ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები” მოსმენა გაიმართა.
მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოკერი; ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი; ბრუკინგსის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიისა და ახალი ტექნოლოგიების პროექტის დირექტორი, ალინა პოლიაკოვა და ჰერიტიჯის ფონდის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი, ჯეიმს კარაფანო.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სენატორებმა ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მისი აღკვეთის გზებზე. მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინის საკითხზე, რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის – რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკეთ განხორციელების თემაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, მისი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
“მოსმენისას საქართველოსადმი ცალსახა და ერთხმად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა მოსმენაზე მიწვეული ყველა სტუმრის მიერ.
ჰერბსტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტის პუტინისგან მომდინარე საფრთხეებზე და ხაზი გაუსვა მისი აღკვეთის აუცილებლობას. „სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. იგი ისწრაფვის, მისი გავლენის სფერო გაავრცელოს რუსეთის სამეზობლოზე. იგი ცდილობს, დაასუსტოს ნატო, ევროკავშირი და აშშ. მან წამოიწყო ორი ომი – საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან. აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესშია, რომ შეაჩეროს კრემლის რევიზიონიზმი”, – აღნიშნა ჰერბსტმა.
ჯეიმს კარაფანომ ისაუბრა ნატო-ს გაფართოების ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე. აქვე მან ხაზი გაუსვა ნატო-ს გაფართოების საკითხში აშშ-ის ლიდერობის საჭიროებას. მისი მტკიცებით, დროა, რომ დაიწყოს დისკუსია ნატო-ს გაფართოების მომდევნო რაუნდზე. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-ს გაფართოების საკითხში მის ოპტიმიზმზე და ამ კონტექსტში ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. „ჩვენ საქართველოს თაობაზე კვლევა გვაქვს, თუ როგორ შეიძლება ნატო-ში გაწევრიანების საკითხში წინსვლა, სხვა სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად. ჩემმა კოლეგამ, ლუკ კოფიმ ბევრი დაწერა ამის თაობაზე, რომ არსებულ პირობებში ნამდვილად რეალისტურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტს ქმნის უკრაინისთვის. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვლადიმერ პუტინს სხვა ქვეყნების ნაწილების ოკუპირების გზით არ გააჩნდეს ვეტო ნატო-ში გაწევრიანების საკითხში”, – აღნიშნა კარაფანომ.
კურტ ვოკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონისადმი მეტი ყურადღებისა და შავ ზღვაზე ნატო-ს ძლიერი ყოფნის საჭიროებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მან ისაუბრა 2019 წლის აპრილში ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების ახალი პაკეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე. „[შავ ზღვაზე] გვყავს ნატო-ს მოკავშირეები რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. გვყავს პარტნიორი ქვეყნები – საქართველო და უკრაინა. ისინი ყველა, შავი ზღვისპირა ქვეყნებს წარმოადგენენ. ამდენად, შავი ზღვა რუსეთის ტბა არანაირად არის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ნატო მკაფიო იყოს, რომ ყველა ჩვენგანს გააჩნია ინტერესი [შავი ზღვის ფარგლებში] ნავიგაციის თავისუფლების, ღია ხელმისაწვდომობის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, – აღნიშნა ვოკერმა.
რუსეთთან ჩართულობის თემაზე საუბრისას მან შემდეგი განცხადება გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ, ამჟამინდელი ვითარებით, რუსეთთან დაკავშირებით არაფერი მიმდინარეობს კარგად. ეს ასეა, თუ მაგალითად აიღებთ სირიას, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეას, ირანს, ბირთვულ საკითხს, უკრაინას, საქართველოს. ნამდვილად არაფერია პოზიტიური. ვფიქრობ, ზოგადად, სახიფათო ვითარებაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდება, თუ საერთოდ არ ვილაპარაკებთ რუსეთთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორივე გავაკეთოთ – განვაგრძოთ რუსეთზე ზეწოლა და, ასევე, ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების სერიოზულობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ რუსეთს, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება”, – აღნიშნა ვოკერმა.
რაც შეეხება ალინა პოლიაკოვას – მან ისაუბრა რუსეთის მიერ მიმდინარე საქართველოს ტერიტორიების „მცოცავ” მიტაცებაზე.
„საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არ არსებობს „სტაბილური საზღვარი”. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ამ ხაზის „მცოცავი” სახით მიტაცებას (“We see a slow creep almost on daily basis of that contact line.”)”, – აღნიშნა პოლიაკოვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები