“საავტორო უფლებათა ასოციაცია” 20 წლისაა – ინტერვიუ გიგა კობალაძესთან

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ იუბილარია. რა გზა გამოიარა ამ წლების მანძილზე ორგანიზაციამ, რამდენად გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება და შემცირებულია თუ არა ავტორების მხრიდან საჩივრების ოდენობა, აგრძელებს თუ არა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიერ შექმნილი ასოციაცია საქმიანობას კამპანიის „არაინტელექტისოკუპაციას“ შემდეგაც – ამ და სხვა საკითხებზე „კვირასთან“ ინტერვიუში „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიგა კობალაძე საუბრობს.
– თქვენს ორგანიზაციას იუბილე აქვს, რა ეტაპები გამოიარეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენად საპასუხისმგებლოა საავტორო უფლებების სფეროში საქმიანობა?
-20 წელი ცოტა დრო ნამდვილად არ არის და ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულის გამოვლა მოუწია ორგანიზაციას. სფეროც ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლოა როგორც კონკრეტული ავტორების უფლებების რეალიზაციის, ასევე, ზოგადად, სახელოვნებო სივრცის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით. ჩვენი გუნდის მუშაობის პირველ ხანებში, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია უკვე 12 წლის შექმნილი იყო, მაინც ძალიან რთული იყო საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამომყენებლისთვის იმის ახნა, თუ რატომ არის საჭირო ჰონორარის გადახდა. ამის მთავარი მიზეზი საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე იყო. ხშირ შემთხვევაში, გამომყენებლები არ იხდიდნენ ჰონორარს სწორედ იმიტომ, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. დიდი ძალისხმევის შემდგომ, რაც, პირველ ყოვლისა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით მივმართეთ, ჩვენ ამას მივაღწიეთ და დღესდღეობით  არათუ უკვე არსებული გამომყენებლებისთვისაა ჰონორარის გადახდის ვალდებულება ცნობილი და ისინი ამ ვალდებულებას ასრულებენ, არამედ ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც საქმიანობის დაწყებამდე წინასწარ მოგვმართავენ ნებრთვის აღებისთვის, რაც, ბუნებრივია, გვახარებს. გარდა ამისა, თვითონ ავტორებიც ინფორმირებულები არიან, იციან, რომ მათი შრომა ანაზღაურებული იქნება და ეს მათთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა. მოკლედ, საზოგადოება ამ მხრივ გაზრდილია, საავტორო უფლებები უკვე მნიშვნელოვანი გახდა და ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სწორედ ჩვენი ორგანიზაციისა და იმ გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ამისთვის და ინტელექტუალური საკუთრების მოხმარების ერთგვარი კულტურა შექმნა.
ასოციაციის დაარსების დღიდან იკავებთ მისი ხელმძღვანელის პოზიციას? … საზოგადოებისთვის, ძირითადად, ცნობილია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, თუმცა უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, მისი მისიის, წევრების რაოდენობის შესახებ…
-სამწუხაროდ, ასოციაციის საქმიანობა დაარსებისთანავე წარმატებული არ ყოფილა. ამას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი ჰქონდა. საავტორო უფლებებს არ ექცეოდა სათანადო ყურადღება არც თავად ავტორების და არც სახელმწიფოს მიერ. აქტიური რეფორმირების პროცესი 2012 წლიდან დაიწყო – მას შემდეგ, რაც თავად ავტორებმა მოინდომეს და ახალი მენეჯმენტი აირჩიეს. სწორედ ამ პერიოდიდან ვართ ასოციაციაში და ამ ხნის განმავლობაში უამრავი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, რამაც, საბოლოოდ, არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო არენაზეც აღიარება მოგვიტანა. დღესდღეობით გვყავს საქართველოს 2000 – მდე მოქალაქე წევრი და გაფორმებული გვაქვს 200-ზე მეტი ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩვენნაირ ორგანიზაციასთან, რითაც ვფარავთ მთელს მსოფლიოს, სადაც კი ხორციელდება საავტორო უფლებების კოლექტიურად მართვა.
-საავტორო უფლებების დაცვის კუთხით როგორი ვითარებააა დღეს ჩვენს ქვეყანაში, რამდენად გაზრდილია ან, პირიქით, შემცირებულია  წინა წლებთან შედარებით საჩივრების რაოდენობა და რომელი სფეროს წარმომადგენლები მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
-წინა წლებთან შედარებით ვითარება გაცილებით გამოსწორებულია. როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოება ინფორმირებულია საავტორო უფლებების შესახებ. ავტორებმაც იციან თავიანთი უფლებების შესახებ და გამომყენებლებიც ასრულებენ ვალდებულებას და იხდიან ჰონორარს. ჩვენი ორგანიზაციის ფუნქცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურად მართვაა, რაც გულისხმობს ნაწარმოებების გამომყენებლებისგან (კაფე-ბარი, სასტუმრო, სავაჭრო დაწესებულება, კონცერტი, რადიო, ტელევიზია, თეატრი და სხვა) ჰონორარის შეგროვებასა და მის განაწილებას ავტორებზე. პროგრესი რომ თვალშისაცემია, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2012 წლამდე ჩვენი ორგანიზაციის წლიური საშუალო შეგროვება 250 000 ლარს არ აღემატებოდა, გასული წლის შეგროვებამ კი 5 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 20-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს და დამეთანხმებით, რომ შთამბეჭდავია. რაც შეეხება საჩივრებს – ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ლიბერალური პოლიტიკა გვქონდეს და გამომყენებელს ავუხსნათ, როგორც ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა, ასევე ისიც, თუ რა სარგებელს იღებენ ისინი, როდესაც საკუთარ საქმიანობაში იყენებენ საავტორო უფლებით დაცულ ნაწარმოებებს და ამისთვის იხდიან ჰონორარს. მიუხედავად ამისა, საჩივრები მაინც არსებობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით მათი რაოდენობა შემცირებულია. თუ წინა წლებში, დაახლოებით, 100 სარჩელის შეტანა გვიწევდა სასამართლოში ყოველწლიურად, ბოლო წლებში მათი რაოდენობა 50-ს არ აღემატება. სასამართლო დავები ყველაზე ხშირად მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებას ეხება, რადგან მუსიკა ყველაზე მოცულობითი და გამოყენებადია.
-დავის მოგვარების რა და რა ბერკეტები არსებობს ქვეყანაში და რამდენად ეფექტურია ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ამ კუთხით?
-ჩვენ, როგორც კერძო ორგანიზაცია, სასამართლოს ვიყენებთ. კანონმდებლობა საკმაოდ ეფექტურ მექნიზმებს ითვალისწინებს სასამართლოს გზით დავების დარეგულირებისთვის, მაგრამ, როგორც ყველგან, ჩვენთანაც სასამართლო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ეს, გარკვეულწილად, ეფექტიანობას ამცირებს. უნდა ითქვას ისიც, რომ, ამ წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლოს კვალიფიკაციაც საკმაოდ გაზრდილია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ და სისიხლისსამართლებრივ მექნიზმებებს – მათი გამოყენება სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაა.
როგორც ცნობილია, რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა – დათო ხუჯაძემ და აჩი ფურცელაძემ საავტორო უფლებათა ასოციაციის ალტერნატიული ორგანიზაცია – „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ შექმნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა, წამოიწყეთ კამპანია  – „არაინტელექტისოკუპაციას“. როგორი წარიმართა ეს დავა და აეკრძალა თუ არა საქმიანობა აღნიშნულ ორგანიზაციას?
-„საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ პირდაპირ რუსეთის მხარდაჭერით არის შექმნილი და ეს, თავდაპირველად, არც მათ შექმნელებს დაუმალავთ, მათ შორის – საჯარო ინტერვიუებში. ბოლო პერიოდში, როდესაც მწვავე კრიტიკა მიიღეს, უარყოფენ აღნიშნულს, მაგრამ ამის დამადასტურებელი არაერთი მასალა და ინფორმაცია გავრცელდა ჩვენ  მიერ. რუსეთი, ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, ამ სფეროშიც ცდილობს გავლენის მოპოვებას და, ამჯერად, მისი სამიზნე ჩვენი ასოციაცია გახდა, რომელიც რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეზე წარმატების მაგალითად არის აღიარებული ამ სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. როგორც აღნიშნეთ, ამის წინააღმდეგ წამოვიწყეთ კამპანია – „არა ინტელექტის ოკუპაციას“, რომელმაც ძალიან ბევრი ქართველი ხელოვანი გააერთიანა. გარდა ამისა, მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერი წერილები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქპატენტმაც, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაა და ქვეყანაში საავტორო უფლებების პოლიტიკას განსაზღვრავს, ოფიციალურად განმარტა, რომ ერთადერთი, კანონის საფუძველზე შექმნილი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია ჩვენ გახლავართ და მეორეს შექმნა შეუძლებელია. შესაბამისად, ახლადშექმნილი ორგანიზაციის საქმიანობა ეწინააღმდეგება კანონს. იმის ფონზე, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ იმართება რუსეთიდან და მისი მიზანი სიტუაციის არევა და დესტაბილიზაციის შექმნაა, რა შემთხვევაშიც ის ადვილად მოიპოვებს გავლენას, არ ერიდებიან არც სახელმწიფოს პოზიციას და კვლავ აგრძელებენ დეზინფორამციის გავრცელებას, ავტორებისთვის გაურკვევლი წარმომავლობის ფულის შეთავაზებასა და გამომყენებლებისთვის ლიცენზიების აღების მოთხოვნას. ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ უკვე მივმართეთ სასამართლოს და სასამართლო იქნება ის გზა, რომლითაც პირდაპირ დადგინდება მათი არაკანონიერება.
და ბოლოს, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია დისკრიმინაციულად სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება; არ მიიღოს ის რუსი სტუმრები, რომლებიც ყირიმის ანექსიას უჭერენ მხარს. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა ასეთი პრეცედენტების შექმნა ჩვენს ქვეყანაშიც, თუნდაც შოუბიზნესის სფეროში?
-ვფიქრობ, რომ სასამართლო სწორად მოიქცა. აგრეთვე, მივესალმები ქართველი ხელოვანების პოზიციასაც, როდესაც ისინი უარს აცხადებენ რუსეთში კონცერტების ჩატარებასა თუ სხვა აქტივობებზე. არ მიმაჩნია სწორად, როცა ოკუპანტ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, შემოაღწიოს შენი ქვეყნის სოციალურ-კულტურულ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში, რადგან ამას შემდგომში ბერკეტად ისევ შენ  წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, სახელმწიფოს გარდა, რომელმაც უნდა შექმნას დამცავი მექანიზმები, მეტი დაფიქრება გვმართებს თითოეულ ჩვენგანსაც, რადგან სამოქალაქო პოზიცია არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები